საქართველოსიახლეები

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციები

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამატებით ცვლილებები შევიდეს. აღნიშნულის საჭიროებაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, სამწუხაროდ, ბევრია შემთხვევა, როდესაც ხდება ისეთი პიროტექნიკის გაყიდვა, რომელიც სტანდარტს არ აკმაყოფილებს და შემადგენლობაც არ არის ცნობილი. გარდა ამისა, მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ ფოიერვერკის გაშვებისთვის სპეციალური ადგილებია განსაზღვრული.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის – 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის – 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.

მსგავსი პოსტები

Back to top button