ინფორმაცია რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 13 აპრილამდე პერიოდს.
სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
📌ჯარისკაცი – დაახლოებით 19 800
📌ტანკი – 739
📌ჯავშანტექნიკა – 1 964
📌საარტილერიო სისტემა – 358
📌სარაკეტო სისტემა – 115
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 64
📌თვითმფრინავები – 158
📌ვერტმფრენი – 143
📌სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 429
📌გემი/ნავი/კატარღა – 7
📌საწვავის რეზერვუარი – 76
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 132
📌სპეციალური აღჭურვილობა – 25
📌გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ქვედანაყოფებმა „რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად“ შეძლეს გარღვევა პოლკ „აზოვთან“ შესაერთებლად.
არესტოვიჩი ფეისბუკზე წერს, რომ „აზოვმა“ ეს ღონისძიება პროფესიონალურად უზრუნველყო. პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანახმად, ამ მანევრის შედეგად, „აზოვი“ არსებითად განმტკიცდა, 36-ე ბრიგადამ კი, თავიდან აიცილა ნაწილებად განადგურება, მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები და ფაქტობრივად, მეორე შანსი არესტოვიჩის ამ შეტყობინებას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადება, რომ მარიუპოლში იარაღი ნებაყოფლობით დაყარა უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის 1026-მა სამხედრომ და ისინი ტყვედ ჩაბარდნენ.
ამ ინფორმაციაზე კომენტარისთვის სააგენტო Reuters-მა მიმართა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ. უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა Новинарня, რომელიც 2016 წლიდან აქტიურად აშუქებს რუსული ოკუპაციის და სამხედრო თემებს, წერს, რომ საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის პირადი შემადგენლობის ნაწილი შეუერთდა პოლკ “აზოვს”, რომელიც ქარხანა “აზოვსტალ”-ის რაიონს იცავს, ნაწილი კი, ტყვედ ჩავარდა და მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთის საოკუპაციო ძალებს თვეზე მეტია ალყაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.