მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცავების მობილიზებაა

კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცავების მობილიზებაა.

პოლიცია ადგილზე დილიდან იმყოფება, რადგან სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იგეგმება.

აქციაში მონაწილეობას ადგილობრივები, ოპოზიტიური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მიიღებენ.

სასტუმროსთან რომ აქცია იგეგმება, რადიო ჰერეთის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლაშა ხუსკივაძემ დაუდასტურა.

” დაახლოებით ნახევარ საათში ვიქნებით ადგილზე და გავმართავთ აქციას. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები და ადგილობრივები, ყველა მიიღებს პროტესტში მონაწილეობას”- განაცხადა ხუსკივაძემ.

სასტუმროსთან იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელიაც რომელიც კომპლექსთან გუშინ გვიან ღამით მივიდა.

პოლიციამ წუხელვე მელიასთან ერთად მყოფი ირაკლი ეძგვერაძე დააკავა და გურჯაანის პოლიციაში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო “ყვარლის ტბა”რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილს უმასპინძლებს. საქართველოში არიან ლავროვის ქალიშვილი მეუღლესთან და მამამთილთან ერთად.

სტუმრებს შორის, სამი პირი სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მიერ.

ლავროვების კახეთში ყოფნას კატეგორიულად უარყოფენ სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button