ინფრასტრუქტურულმა ზარალმა უკრაინაში 80 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
რუსული აგრესიის 47 დღე

რუსეთის თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურულმა ზარალმა უკრაინაში 80 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
რაც შეეხება ეკონომიკურ ზიანს, ის 564-600 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ამ ზარალში შედის მშპ-ის შემცირება, ინვესტიციების შეჩერება, ადამიანური რესურსის ნაკლებობა და დამატებითი ხარჯების გაღება.
რუსული აგრესიის 47 დღის განმავლობაში უკრაინაში გაანადგურეს გზების 23 000 კილომეტრი და 37 000 კვადრატი საცხოვრებელი ფართი. დაზიანდა 277 ხიდი, 10 სამხედრო აეროდრომი, 8 აეროპორტი და 2 პორტი.
ზარალი უკრაინის ეკონომიკურმა პროექტმა KSE Institute დათვალა.
მიუხედავად ინფრასტრუქტურული ზარალისა უკრაინის ძალები ემზადებიან “უკანასკნელი ბრძოლისთვის” სამხრეთის საპორტო ქალაქ მარიუპოლის კონტროლისთვის, რომელსაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ძალები აჩანაგებენ – განაცხადეს ქალაქში მყოფმა უკრაინის საზღვაო ქვეითებმა ორშაბათს, 10 აპრილს.
“დღეს, ალბათ, უკანასკნელი ბრძოლა იქნება, რადგან ტყვია-წამალი თავდება”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი ფეისბუკზე და დასძენს: “ზოგი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, ზოგისთვის – ტყვეობა”. საზღვაო ქვეითები დასძენენ, რომ ისინი “უკუაგდეს” და “ალყაში მოაქციეს” რუსეთის ძალებმა.
საზღვაო ქვეითები ამბობენ, რომ პორტს უკვე 47 დღეა იცავენ და გააკეთეს “ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელი” ქალაქზე კონტროლის შესანარჩუნებლად.რუსეთის ძალების თქმით, ბოლო პერიოდში ბრძოლა კონცენტრირებულია ქალაქის მეტალურგიულ კომბინატთან და პორტთან. უკრაინის საზღვაო ქვეითები ამბობენ, რომ სწორედ აქ დაახევინა მათ მტერმა უკან თანდათანობით – “გარშემო ცეცხლი გაგვიხსნეს და ახლა ჩვენს განადგურებას ცდილობენ”. ბრიგადის თქმით, მისი წევრების დაახლოებით ნახევარი დაჭრილია.
“დაჭრილთა გორა ბრიგადის თითქმის ნახევარს შეადგენს. ისინი, ვისაც კიდურები კვლავ შენარჩუნებული აქვს, ბრძოლაში ბრუნდებიან”, – წერენ საზღვაო ქვეითები და დასძენენ: “ქვეითები დაიღუპნენ და სროლაში ახლა მონაწილეობენ არტილერიის წევრები, ანტისარაკეტო ძალები, რადიოს ოპერატორები, მძღოლები და მზარეულები. ორკესტრიც კი”.
საზღვაო ქვეითები ჩივიან უკრაინის ლიდერებისგან მხარდაჭერის ნაკლებობაზე. “ჩვენთან აღარავის უნდა კომუნიკაცია, რადგან ჩვენ ჩამოწერილები ვართ”, – წერენ ისინი.
მარიუპოლი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ბრძოლის ცენტრია მას მერე, რაც კრემლი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, ქალაქი პრაქტიკულად დანგრეულია ბრძოლის შედეგად.
რუსეთი კი უკან არ იხევს და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას გეგმავს, მტერი ცდილობს შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი და ხერსონში გაიმყაროს პოზიციები- აცხადებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, დონბასზე რუსეთის შეტევა შესაძლოა მალე დაიწყოს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა უკრაინის მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის ფედერაციამ თითქმის დაასრულა მზადება შეტევითი ოპერაციისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში:
“ჩვენი ინფორმაციით, მტერი გადავიდა ქვედანაყოფების აღდგენის დასრულებისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში გადაყვანის ფაზაზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებები უახლოეს მომავალში დაიწყება. უკრაინის არმია ამისთვის მზადაა. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როდის მოხდება ეს რეალურად. არსებობს ცნობები დასავლური წყაროებიდან. ამავდროულად, მტერმა თითქმის დაასრულა მზადება შეტევითი ოპერაციისთვის“, – განაცხადა მოტუზიანიკმა.
მისივე თქმით, ომის აქტიური ფაზის დაწყებიდან, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, მტრის თავდასხმები ფაქტობრივად არ შეწყვეტილა.
„ბოლო დროს, სადემარკაციო ხაზის გასწვრივ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსული ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – განაცხადა მან.