მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის ფრონტზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 105 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში ომი გრძელდება – საჰაერო განგაში ქვეყნის აღმოსავლეთით რამდენიმე ოლქში გამოცხადდა.

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაინგრა 3-სართულიანი სასტუმრო, ნანგრევებში ეძებენ ერთ ადამიანს.

დაიბომბა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 300-მდე აფეთქება. დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, ფრონტზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 105 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
უკრაინული მედია იუწყება, რომ ხარკოვის ოლქში,ბოგოდუხოვსკის რაიონის სოფელ ზოლოჩევში მდებარე სასტუმროს ნანგრევებიდან მაშველებმა 2 თვის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მაშველებმა 2023 წლის 4 დეკემბერს დაბადებული 2 თვის ბიჭის ცხედარი სამსართულიანი სასტუმროს ნანგრევებიდან ამოასვენეს. 21, 28 და 39 წლის ქალები კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორისა იყო გარდაცვლილი ბავშვის დედაც”, – ამბობს ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.

მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ღამით სოფელს ორი S-300 რაკეტით შეუტიეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რუსული თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სასტუმროს გვერდით მდებარე ორსართულიან კორპუსშიც. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. თუმცა, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ჯამში ხარკოვში ღამით დაზიანდა 7 კერძო სახლი, 19 სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი (მაღაზიები, კაფეები…), 2 ადმინისტრაციული შენობა და, სულ მცირე, 5 მანქანა.

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ ხარკოვის ცენტრში 3-სართულიანი სასტუმროს შენობა განადგურდა 10 იანვარსაც.

რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარჰანეცის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

“ორი ადამიანი დაშავდა. ეს არის ქალაქში მორიგი თავდასხმის შედეგები. მტერმა კამიკაძე დრონი გამოიყენა.50 წლის ქალი მკურნალობს სახლში. 63 წლის კაცი კი საშუალო სიმძიმით, საავადმყოფოშია გადაყვანილი,” – ამბობს ლისაკი.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 4 კერძო სახლი და ავტომობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button