,,ინტერნეტით ჩატარებული არჩევნები უტყუარია და თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს,,-ბურჭულაძე
მუნიციპალურ არჩევნებამდე 128 დღე რჩება. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს აირჩევს.

ნიკა მელია გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის გამო უპირისპირდება. მელიამ ვიდეომიმართვა “ლელოს” წევრის იმ განცხადების საპასუხოდ გაავრცელა, სადაც საბა ბუაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ წინააღმდეგობის ერთ-ერთ ინსტრუმენტად უნდა გამოიყენოს. პარტია “ახალის” ლიდერს მამუკა ხაზარაძის გუნდში დღეს მწვავე კრიტიკითვე უპასუხეს.
გახარიას გუნდმა უკვე საჭიროდ ჩათვალა და თქვა, რომ ყველანაირი არჩევნებისთვის ემზადება. ექს-პრემიერის პარტია “ლელოს” პოზიციას უწონებს და ნიკა მელიას აკრიტიკებს. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები კი, დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებს საბოლოო გადაწყვეტილების დროულად მიღებას სთხოვენ.
ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ამ დროისთვის ღიად ამბობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, პარტია “გირჩია”, სადაც 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონისთვის აქტიურად ემზადებიან.
ის არჩევნები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს, ამიტომ ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საკუთარ თავს მოიტყუებს, – ამის შესახებ გაერთიანება „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, ინტერნეტით ჩატარებული არჩევნები უტყუარია და თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
„რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს – ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს. მაქსიმუმ ორ თვეში ჩვენ გვექნება ამის აღჭურვილობა. სამი მოდელი არსებობს, ერთი უკვე აქ არის, ორი ჩამოვა. ერთი შექმნა ჩეხეთმა და ორი შექმნა ამერიკამ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ამ ჯგუფში საუბარი ასევე შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით – იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პაატა ბურჭულაძესთან, ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მელიას თქმით, ეს საორგანიზაციო ჯგუფი ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვაში ხალხის ჩართულობას უზრუნველყოფს.
„ჩვენ აქ ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აქ საზოგადოება არის განსხვავებული, საზოგადოებრივი ჯგუფები არიან ერთმანეთისგან განსხვავებული, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან, რომლებსაც კრიზისის დაძლევა სურთ. კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ხალხის ჩართულობით. ხალხის ჩართულობა როგორ შეიძლება მოხდეს და უზრუნველყოს ამ საორგანიზაციო ჯგუფმა, ამაზეა საუბარი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უპირატესობაზე კი არ არის საუბარი, საპარლამენტო არჩევნების უპირატესობაზეა.
ამ ჯგუფში საუბარი ასევე შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით – იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მმართველი გუნდის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში დაპირისპირება უფრო მწვავდება. “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპონენტებს წაგებული 9 არჩევნების შემდეგ, მე-10 მარცხსაც უწინასწარმეტყველებს.
მუნიციპალურ არჩევნებამდე 128 დღე რჩება. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს აირჩევს.