ინციდენტი “დინამო” – “გაბალას” მატჩზე და გამოხმაურება

ინტერნეტ-გამოცემა „Haqqin.az“-ის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ, ქართველმა ფანებმა საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ გულშემატკივრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აზერბაიჯანელ ფანებს კლუბისა და სახელწიფო დროშები წაართვეს და დახიეს. ინტერნეტით ასევე ვრცელდება ბანერის ფოტო ინგლისურ ენაზე წარწერით: „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი 1921“.

სტატიას „გაბალას“ ვიცე-პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი თქმით, დახვედრა თბილისში და საორგანიზაციო მხარე მაღალ დონეზე ჩატარდა. ეს ინციდენტი, „დინამოს“ გულშემატკივრების კი არა, პროვოკატორების მოწყობილია.

თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანული „გაბალას“ მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ შეშფოთებულია თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანის „გაბალას“ მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით.

„ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანელ ხალხთან. აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან.“ – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, რათა შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, კანონის სრული დაცვით, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

განცხადება ინციდენტის შესახებ, „დინამო თბილისის“ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა:

შეგახსენებთ:

„2 ივლისს, „დინამო თბილისი“ – „გაბალას“ (2:1) მატჩის შემდეგ, ქართველი ფანები აზერბაიჯანელებს თავს დაესხნენ, გაქურდეს და სცემეს. ქართველები ამასაც არ დასჯერდნენ, „გაბალას“ გულშემატკივრებს აზერბაიჯანის დროშა წაართვეს, ფეხქვეშ გაიგდეს და გათელეს“, – გვატყობინებდა აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az.

ამის გარდა, გამოცემა წერდა, რომ ადგილობრივ პოლიციას აღნიშნულ ფაქტზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, რათა უკანასკნელმა თბილისის „დინამოს“ ფანების საქციელს სწორი შეფასება მისცეს და საკადრისი ზომები მიიღოს.

„გულშემატკივრების ქცევის გამო, ჩვენ, ქართული მხარისგან, ოფიციალური ბოდიში მოვითხოვეთ. სავარაუდოდ, „გაბალა“ სარჩელს უეფაში შეიტანს. ვიმედოვნებთ, რომ „დინამო“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაგმობს ამ ფაქტს “, – განუცხადა Haqqin.az-ს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მიკაილ ნარიმანოღლუმ.

შეგახსენებთ: ხუთშაბათს, 9 ივლისს, „დინამო თბილისი“ გაბალაში უეფას ევროპა ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს. ევროთასის მატჩი „გაბალას“ ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button