იორმუღანლოში მკვლელობაში ბრალდებული ქალის გათავისუფლებას ითხოვენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ქალის ოჯახის წევრები, პატიმრის განთავისუფლებას ითხოვენ. დღეს, ისინი თელავის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ, სადაც ხაიალა ხუბანოვას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბრალდებული ქალის ახლობლებლები, ხუბანოვას უდანაშაულოდ და მოკლული მამაკაცის ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევენ..
ბრალდებულისათვის გამამართლებელ განაჩენს ითხოვს მისი ადვოკატიც. დარეჯან გილაშვილი თვლის, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფო უნდა იცავდეს და მათ უსაფუძვლო ბრალდებით არ უნდა სჯიდეს.
” ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გარდაცვლილის მხრიდან იყო ძალადობის მსხვერპლი და ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ამიტომ ხაიალა ხუბანოვას უნდა განთავისუფლდეს გამამართლებელი განაჩენით. დაცვის მიმართულება ემყარება სწორედ იმას, რომ მას ბრალი არასწორად აქვს წარდგენილი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მასზე ძალადობდნენ და ის თავს იცავდა მოძალადისაგან-“განაცხადა გილაშვილმა.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დადეს ადვოკატი პროცესის დახურვის შუამდგომლობასაც დააყენებს.
შეგახსენებთ, მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, 7 ოქტომბერს მოხდა.
39 წლის წლის ხაიალა ხუბანოვამ, სანადირო თოფიდან გასროლით, ნათესავი მამაკაცი სოფელ დუზაგრამასთან მდებარე ფერმაში მოკლა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხუბანოვას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.