მნიშვნელოვანისიახლეები

იოსელიანის თქმით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი თავს ნორმალურად გრძნობს

311 ჟურნალისტი აწერს ხელს მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნის განცხადებას

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს.
მისივე თქმით, რამდენადაც ინფორმაცია აქვს, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
“მე როდესაც მას შევხვდი, მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება”- თქვა იოსელიანმა.
იოსელიანმა ეს განცხდება ბრიფინგზე გააკეთა, სადააც მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. ჩვენ მიერ მისი დაკავებიდან დღემდე ქალბატონი მზია მონახულებული იქნა შვიდჯერ, მათ შორის ჩემ მიერ პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები, მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანში. ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.
რაც შეეხება ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებითა ქალბატონ მზას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი. უტარდება კვლევები. ექიმი დღეში სამჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად, იღებენ ინფორმაციას. ასევე, ჩვენმა წარმომადგენელმა ნახა ყველა დოკუმენტაცია, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით ამ პერიოდში იქნა შედგენილი და ეს ინფორმაცია ჩვენ მიერაც არის გამოთხოვილი და იმედია, ამ დღეებში მოგვაწვდიან. გარდა ამისა, ის ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულების ექიმს და მისგანაც მიიღო დამატებით ინფორმაცია”- თქვა იოსელიანმა.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, არსებობს ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც პერსონალური ინფორმაციაა და საჯაროდ ვერ ისაუბრებს.
“არსებობს სხვა საკითხები, რომლებიც უშუალოდ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, რომელიც პერსონალური ინფორმაციაა და ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რასთან დაკავშირებითაც მეტი ყურადღებაა საჭირო შიმშილობის პერიოდში და ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მეთვალყურეობას. ამ საკითხზე უფრო აქცენტირებული ვიქნებით რომ არც ჩვენ და არც პენიტენციურ დაწესებულებას არ გამოეპაროს რამე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას”- თქვა იოსელიანმა.

311 ჟურნალისტი აწერს ხელს მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნის განცხადებას. მედიამენეჯერებმა, რედაქტორებმა და ჟურნალისტებმა დღეს ეს განცხადება კიდევ ერთხელ გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ შიმშილობის მე-16 დღეს ვითარება კიდევ უფრო მძიმეა და საჭიროა ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტის გათავისუფლება.
განცხადება:
“ონლაინ გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.
მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა – მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე.
“ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო. გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული “რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. “ქართული ოცნების” საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეები.
2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით” და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.
ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის “ბრალდებით” დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.
მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!” ნათქვამია განცხადებაში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საია მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ორგანიზაციის ცნობით, მზია ამაღლობელი, მეთექვსმეტე დღეა, შიმშილობს.
„უკანონო პატიმრობაში მყოფი, „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, უკვე მეთექვსმეტე დღეა, შიმშილობს. მზია ამაღლობელმა საია-ს თავმჯდომარესთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ამასთან, საია მიმართავს საქართველოს პროკურატურას, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“.
საია ასევე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, „საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს“.
„საზოგადეობას შევახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა“, – აცხადებენ საია-ში.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს. საიას ცნობით, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button