იოსელიანმა თავშესაფრებთან დაკავშირებით მის განცხადებას ,,ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი,, უწოდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მის მისამართით კრიტიკას საზოგადოებრივ მაუწყებელზე „აბსოლუტურად ხელოვნურად ატეხილი“ აჟიოტაჟი უწოდა. ომბუდსმენს ადანაშაულებენ, რომ მან 25 იანვარს პირველი არხის ეთერში გათქვა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მისამართი. რაც სენსიტიური ინფორმაციაა და მსხვერპლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საიდუმლოა.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საიდუმლო მისამართის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის ძალადობის მსხვერპლებს.
აქტივისტები ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის რელოკაციას ითხოვენ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მისამართი გათქვა.
“რადგან ვიდეო აღარაა განთავსებული არც ერთ ოფიციალურ გვერდზე (სადმე შეიძლება ედოს ვინმეს, ან არქივებში იყოს, ამას ვეღარაფერს ვუშველით), მოგიყვებით, რა ქნა ლევან იოსელიანმა და მერე მოგიყვებით, რა უნდა ქნას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ.
ლევან იოსელიანმა საჯაროდ გათქვა ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ლოკაცია. ეს გასაიდუმლოებული ლოკაციაა, რადგან იქ მცხოვრები ადამიანები (ძირითადად ქალები და ბავშვები) არიან გამორიდებული მოკვლის და ძალადობის საფრთხეს.
ამ ლოკაციის გაგებაზე ნადირობენ მოძალადეები. ნადირობენ ადამიანებით მოვაჭრეები საერთაშორისო ქსელებიდან (რადგან აქ განთავსებულები არიან ტრეფიკინგის მსხვერპლებიც)!!!ლევან იოსელიანმა ეს ლოკაცია ლანგარზე დადო და ისე მიართვა მათ.
არც ერთი ადამიანი, ვინც ახლა იმ თავშესაფარშია, არაა უსაფრთხოდ. არათუ მხოლოდ მასზე მოძალადისგან ემუქრება უკვე საფრთხე, არამედ მასთან ერთად ვინც ცხოვრობს, იმაზე მოძალადისგანაც. ეს საფრთხე შეიძლება იყოს: ფიზიკური ძალადობა, მუქარა, შანტაჟი, ყველაფერი უბედურება და სიკვდილი (!!!). ეს ქნა სახალხო დამცველმა, მეგობრებო. გავიაზროთ კარგად.
ახლა რა უნდა მოხდეს, რომ ამ კაცის მიერ მიმდგარი ზიანი გამოსწორდეს? სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კეთილი უნდა ინებოს და მოახდინოს თავშესაფრის რელოკაცია, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ! ეს რომ ნორმალური სახელმწიფო იყოს, ამაზე საჯაროდ არ დავწერდით. მაგრამ ეს სახელმწიფო არაა. აქაურობა რეჟიმის კანტორადაა ქცეული.
ზრუნვის სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე დარახველიძის ცოლია. ქმარი ხალხს აწამებდეს და ცოლი ზრუნავდეს, ცოტა არავის არ გვჯერა. ამიტომ, ამაშიც ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ და მოვთხოვოთ ზრუნვის სააგენტოს, სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები”, – წერს აქტივისტი, ვენერო მელუა.
ამ საკითხთან დაკავშირებით თავად იოსელიანს კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადება არ გაუვრცელებია არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს.
განახლება: ლევან იოსელიანმა მის განცხადებაზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან განმარტება გააკეთა:
“თავშესაფრებზე რომ დაიწყეს საუბარი, კარგია, რადგან დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ. არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც თავშესაფრებშია.
თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერვიუ, წამების მსხვერპლთა თავშესაფრის ლოკაციის ფარულობის შესაძლო დარღვევის გამო, ციფრული პლატფორმებიდან წაშალა.