მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

იქ “არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა”-ოცნების ლიდერებმა რუსეთში განვითარებულ მოვლენები შეაფასეს

მმართველი გუნდის ლიდერები, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე გასული ორი დღის განმავლობაში რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე ამბობენ, რომ იქ “არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა”. მსგავსი განცხადება ჟურნალისტებთან ჯერ ირაკლი კობახიძემ გააკეთა, ხოლო მოგვიანებით, კახა კალაძემ.

ჩვენი საქმე არ არის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთის შიდა პოლიტიკა. ეს შეიძლება იყოს გახარიას, ხაზარაძის და „ნაცების“ საქმე, მაგრამ, ჩვენი საქმე არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის შიდა პოლიტიკაზე კომენტარების გაკეთება არასწორია.

„გუშინ ვთქვით და დღესაც ვიმეორებთ, რომ ჩვენი საქმე არ არის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთის შიდა პოლიტიკა. ეს შეიძლება იყოს გახარიას, ხაზარაძის და „ნაცების“ საქმე, მაგრამ, ჩვენი საქმე არ არის რუსეთის შიდა პოლიტიკა. კომენტარების გაკეთებაც კი არასწორია ამ თემაზე. ყველა სახელმწიფომ უნდა მიხედოს თავის შიდა პოლიტიკას, ეს ჩვენი საქმე არ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, განახორციელეს თუ არა გუშინ, რუსეთის მაღალჩინოსნებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ზარი, კობახიძემ აღნიშნა, რომ გუშინ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა.

„არ ვიცი, ვის ვისთან ჰქონდა ზარი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ურთიერთობები ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. თუ რაიმე კომუნიკაცია შეიძლება შედგეს, ამისთვის ერთადერთი არხია, მთავრობის სპეცწარმომადგენლის არხი. ამის იქით არხები არ არსებობს. გუშინ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, რუსეთის შიდა საქმე იყო, ჩვენ რა კომუნიკაცია უნდა გვქონოდა ამასთან დაკავშირებით?!“,- აღნიშნა კობახიძემ.

კალაძეც ამბობს, რომ რუსეთში მომხდარი “არაფერი განსაკუთრებული” არ ყოფილა, შესაბამისად, მისი აზრით, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროებაც არ იდგა. თბილისის მერის თქმით, როცა “რაღაც განსაკუთრებული ხდება” და საჭიროება იქნება, საბჭოს მოიწვევენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ დაპირისპირებისკენ მოწოდებები ისმოდა, რაც კალაძის შეფასებით, არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და დამოკიდებულება, არამედ ეს არის მტრის „წისქვილზე წყლის დასხმა“.

„დავიწყოთ იქიდან, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება და პრეზიდენტისთვისაც ცნობილი იქნება.

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ არის. საპარლამენტო რესპუბლიკაა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით, თუ როგორ არის განაწილებული და გადანაწილებული. შესაბამისად, გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა. ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, შიდა პრობლემები და რაც შემდეგ მოგვიანებით გამოჩნდა, კიდევ უფრო დადასტურდა ის განცხადებები, რაც მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დამოკიდებულება, რომელიც განცხადებების სახით ვიხილეთ და მოწოდებები, არ ვიცი ეს ადამიანები მიზანმიმართულად აკეთებენ ამას და შეცდომებს უშვებენ, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად, ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა უნდა იზრუნოს პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, თუნდაც რაც გუშინ ვიხილეთ, რა სტატუსებს წერდნენ, რა მოწოდებები იყო. ზოგი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა ქვეყანაში, რომ ახლა იყო თურმე შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ხელისუფლება ჩამოეგდოთ, ვიღაც გამოდიოდა და ომისკენ მოგვიწოდებდა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და დამოკიდებულება, ეს არის მტრის „წისქვილზე წყლის დასხმა“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება საზღვრების კონტროლს, კახა კალაძის თქმით, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენ.

„გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, სადაც ყველაფერი იყო ნათქვამი. შესაბამისად, ყველა მოწოდების სიმაღლეზეა, ვისაც აღნიშნული მიმართულების კონტროლი და ზედამხედველობა ევალება. თუ რაიმე საფრთხე იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, რაც პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებში შედის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“,-განაცხადა კალაძემ.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. მან თქვა, რომ ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლი იყო და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

თუმცა გუშინ, 24 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთში აჯანყება შეაჩერა და ძალების უკან, საველე ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ხოლო ის ბელარუსში გაემგზავრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button