მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილის აზრით ოპოზიციასთან მოლაპარაკებები “არაპროდუქტიულია” და დროის დაკარგვა არ ღირს

მმართველი გუნდი აღარ აპირებს “არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებში“ მონაწილეობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერმინისტრის თქმით, ოპოზიცია არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდეს, ამიტომ მის თქმით, ოპონენტებთან დიალოგის გაგრძელბა უკვე აზრს კარგავს.

“კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, ვინაიდან მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც ნებაყოფლობით, გაუგებარი გათვლებით შევიდა. მათ არ ეყოთ გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვათ დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე.

ახლა, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ აქტივობის განხილვაზე და ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად. ჩვენ გვქონდა კომპრომისული პოზიციები. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა და მოლაპარაკებების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ ოპოზიციის ზომიერი წარმომადგენლები. ეს ხელოვნურად შემქნილი კრიზისი მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაციის ფარგლებში დანიელსონი ქვეყანაში ვიზიტით ორჯერ ჩამოვიდა, შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა 12 მარტიდან საქართველოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად.

პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button