მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. „საქპატენტის“ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მინდია დავითაძე ფეისბუკზე წერს, რომ ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია.

„ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ, რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან. როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩემს წინადადებაზე, 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან“.

დავითაძის ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 10 ივნისს შეიტყო, როცა მივლინებით გურიაში იმყოფებოდა. ის ამბობს რომ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან, ილია დარჩიაშვილთან მოითხოვა, რომელმაც განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ გიორგი გახარიას დანიშნული იყო.

მინდია დავითაძის ბრალდებაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, “საქპატენტი” საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას განსაზღვრავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button