მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიისთვის ირანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიისთვის ირანში ჩავიდა

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან”, – წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძე ირანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაური დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.
ეს ირანში საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრებიდან ბოლოს ირანში 2017 წელს იმყოფებოდა გიორგი კვირიკაშვილი – 13-წლიანი პაუზის შემდეგ.

მანამდე, 2004 წლის ივლისში, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა ირანში.

თეირანში 22 მაისის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, დღის 12 საათისთვის, მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე თბილისში ირანის საელჩოში მივიდა, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ვიზიტის შესახებ პრემიერ-მინისტრს წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებიან რეგიონის ქვეყნების სხვა ლიდერები, მათ შორის:

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი,
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი,
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.
ბელარუსის პრემიერი რომან გოლოვჩენკო.
თეირანში ჩავიდნენ ტაჯიკეთისა და ტუნისის პრეზიდენტები, ერაყის, პაკისტანისა და კატარის პრემიერ-მიინსტრები. ასევე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეული „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვევა. საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიურად არათუ უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, არამედ, პირიქით, მათ უფრო მეტად უგულებელყოფასა და ვითარების გაუარესებაზე წერენ. განსაკუთრებით მკაცრია ქვეყნის მმართველობა ქალების მიმართ, რომლებიც, ფაქტობრივად, უუფლებოები არიან და რომლებისგანაც მკაცრი წესების დაცვას მოითხოვენ. 2022 წელს ირანის ზნეობის პოლიციამ თავსაბურავის არასწორად ტარების ბრალდებით ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი დააკავა. მძიმედ ნაცემი და ნაწამები ქალი რამდენიმე დღეში კლინიკაში გარდაიცვალა. ქალის მკვლელობას ქვეყანაში მასობრივი და მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო.

ბოლო წლების განმავლობაში ირანი არაერთმა აქტივისტმა და ხელისუფლების კრიტიკოსმა დატოვა. ზოგიერთისთვის თავშესაფრად საქართველოც იქცა.

გარდა ამისა, უკრაინისა და აშშ-ის ინფორმაციით, თეირანი აქტიურად ეხმარება რუსეთს ომის წარმოებაში და მას ირანული წარმოშობის დრონებს აწვდის. ცნობილია ირანის ხელისუფლების მჭიდრო კავშიტი ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ჰამასთან და ჰეზბოლასთან.

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 2024 წლის 19 მაისს დაიღუპა საგარეო საქმეთა მინისტრთან და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და კიდევ შვიდი ადამიანი იმყოფებოდნენ, კვირას, 19 მაისს, ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად.

ვერტმფრენის მთელი ეკიპაჟი დაიღუპა.

ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა.რაისის ცხედარს 23 მაისს მშობლიურ ქალაქ მაშაჰდში, ირანის აღმოსავლეთში დაკრძალავენ.

მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-გვერდიდან რამდენიმე წუთში წაშალეს ფოტო, რომელზეც ირანში პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალზე ჩასული ირაკლი კობახიძის ფონზე რუსული და ქართული თვითმფრინავები ერთად ჩანს.

კობახიძის მეთაურობით ქართული დელეგაცია ირანში ირანის პრეზიდენტის დაკრძალვას დაესწრო. კობახიძის გარდა, დაკრძალვაზე იყო დელეგაცია რუსეთიდან, ასევე, ჰამასისას და ჰეზბოლას ლიდერები.

ცერემონიალს არცერთი დასავლელი ლიდერი არ ესწრებოდა.

ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირები 19 მაისს, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button