მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი კობახიძის “ეგზიტპოლით”, “ქართულ ოცნებას” 90 მანდატი აქვს

“ქართულ ოცნებაში” გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აქვთ წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” უპირობო ლიდერია.

მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

“იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა იმ ფონზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე. საჯაროდ, 563 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, მადლობას ვუხდით მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭრია ქართული ოცნების კანდიდატებს აღნიშნულ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამით ჩვენ გავიმეორეთ ის შედეგი ხმების თვალსაზრისით, რაც გვქონდა არჩევნების პირველ ტურში, ამავე ოლქებში. მადლობას ვუხდით ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, 17-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს დიდი უპირატესობით ამ არჩევნებში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

და დასძინა, რომ “ქართული ოცნება” 90 დეპუტატით იქნება პარლამენტში წრმოდგენილი

“ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 36 მანდატი, ევროპული საქართველო – 5 მანდატი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი – 4-4 მანდატი, მოქალაქეები – 2 მანდატი, ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი.შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას.ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამ დრომდე ოპოზიციის გაცხადებული პოზიციის მიხედვით ყველა ოპოზიციური პარტია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ოპოზიცია ფასილიტატორების მონაწილეობით ხელისუფლებასთან შეხვედრის მესამე რაუნდს ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button