მნიშვნელოვანისიახლეები

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ოცნების ვიზიტი ჩინეთში დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა.

დღეს დელეგაციის წევრები შანხაის ახალი, ლინ-განგის რაიონში მდებარე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელს, ჭაო იხუაის და შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენ ძინგს შეხვდნენ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

„დღეს დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო გუნდის ხელმძღვანელობასთან, მინისტრთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე ქალაქ შანხაის ხელმძღვანელობასთან. პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი სურვილი და მიზანია, გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. შარშან ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რათა გაღრმავდეს პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პეკინსა და შანხაიში. „ქართული ოცნების“ დელეგაცია შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს, სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს, ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენ ძინგს.

დელეგაცია იმყოფებოდა შანხაის განვითარების საგამოფენო ცენტრში, სადაც შანხაის განვითარების ეკონომიკურ გეგმას გაეცნო.

ჩინეთის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან და, ამავდროულად, ხედავენ იმ დიდ, მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს შუა დერეფნის პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი იყო არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ ისეთ საკითხებზე, რომლებშიც აუცილებელია სხვა სახელმწიფოების ჩართულობაც, ჩინეთი სტრატეგიულად უყურებს ამ თანამშრომლობას, საქართველოს როლს და შემდგომში ერთობლივი მუშაობისთვის მზად არის.

„დასრულდა ძალიან შედეგიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენ გავცვალეთ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში თანამშრომლობის თვალსაზრისით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩინეთის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან და, ამავდროულად, ხედავენ იმ დიდ, მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს შუა დერეფნის პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის.
მეორე მხრივ, ძალიან დიდია დაინტერესება ჩინეთის კერძო, ბიზნესწრეებში საქართველოში წარმოებულ პროდუქციასთან მიმართებაში. აქ არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ თვითონ კერძო სექტორმაც უნდა იაქტიუროს, რადგან ეს არის უზარმაზარი ბაზარი, რომელსაც სჭირდება ქართული პროდუქტის გაცნობა. შეხვედრებზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩინეთის მხარე მზად არის, არა მხოლოდ რაოდენობრივად გაზარდოს საქართველოდან იმპორტირებული პროდუქცია, არამედ, ასევე, გააფართოოს იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის იმპორტირებაც ხდება ჩინეთში საქართველოდან. ასევე, ისინი ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ეკონომიკაში. მათთვისაც გასაკვირია და პოზიტიურად აღიქვამენ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფონზე ორ სახელმწიფოს შორის იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რომლებიც კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს თანამშრომლობას. აქვე დავამატებდი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, არამედ საუბარი გვქონდა ასევე ისეთ საკითხებზე, რომლებშიც აუცილებელია სხვა სახელმწიფოების ჩართულობაც. ჩინეთი სტრატეგიულად ხედავს ამ თანამშრომლობის პერსპექტივებს და საქართველოს როლს და შემდგომში ამ ყველაფერზე ერთობლივი მუშაობისთვის მზად არის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button