ირაკლი ოქრუაშვილი – ,,პოლიციისთვის წამმზომი ჩართულია”
გორში მომხდარ ინციდენტთან და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას საკმაოდ ცინიკურს, უპასუხისმგებლოს და არასახელმწიფოებრივს უწოდებს.
„კობახიძის ეს განცხადება იყო საკმაოდ ცინიკური, უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივი. შემთხვევა მოხდა მათი აქტივისტების ინსპირირებით. მათი აქტივისტები მონაწილეობდნენ და ამიტომ დაბრალდა „ქართულ ოცნებას“ და არა სხვა რომელიმე პარტიას. მე ვისურვებდი, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ცოტა მეტი ფილტრი გაუკეთონ თავიანთი წარმომადგენლების განცხადებებს და მოიკითხონ მაინც დაჭრილები. მე, გუშინ 19.20 საათზე გავაკეთე განცხადება. მომხდარი ფაქტიდან ამ დრომდე მმართველი გუნდის მხრიდან რომ ყოფილიყო რაიმე ტიპის კომუნიკაცია, მოკითხვა მაინც, რა მოხდა და რაიმე ხომ არ გვჭირდებოდა, შესაძლოა, მე გაცილებით კონსტრუქციული ვყოფილიყავი“, – აცხადებს ოქრუაშვილი.
ექსმინისტრის განცხადებით,მას საკმაოდ ბევრი რესურსი გააჩნია, რომ საკუთარი ძალებით დაადგინოს დამნაშავის ადგილსამყოფელი, თუმცა ჯერჯერობით არ ცდილობს რაიმე მოქმედებების დაწყებას. ოქრუაშვილი ამბობს, რომ პოლიცისთვის წამმზომი ჩართულია.
„პოლიციისთვის წამმზომი ჩართულია. მათ დრო ეწურებათ. ეს დრო კი, ლოგიკურად არჩევნების დღეს იწურება. თუ ამ დღემდე, 8 ოქტომბრამდე არ იქნება ბრალდებული დაკავებული, ეს იქნება გზავნილი ასეთი ტიპის სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან „ქართული ოცნების“ კამპანიაში – ნუ გეშინიათ ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ თუ მათთვის იქნება ყველაფერი კარგად, მე შეიძლება ვიმოქმედო ჩემი წესებით, ჩემი რესურსებით მათ წინააღმდეგ. თუ ეს ყველაფერი გადაიზრდება არასასურველ შედეგებში, მე პასუხისმგებლობას ვიხსნი“, -განაცხადა ოქრუაშვილმა.