მნიშვნელოვანისაქართველო

“ირაკლი ოქრუაშვილი თავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს”

ირაკლი ოქრუაშვილი მის დაკავებას “რუსთავი 2”-ის ირგვლივ გააქტიურებას უკავშირებს – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან გამარჯვებული საქართველოს დამფუძნებლის ადვოკატმა გააკეთა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ოქრუაშვილი თავს პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარი დაკავების იზოლატორში გვიან ღამით მოინახულა. ოქრუაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ადვოკატი კი სისხლის სამართლის საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია. გამარჯვებული საქართველოს ლიდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებიან.

“აბსურდი და სისულელეა ორგანიზება და ხელმძღვანელობა რაღაცა ძალადობრივი აქციის. პირდაპირ უკავშირებს მის გააქტიურებას “რუსთავი 2”-თან. როგორც თვითონ ამბობს, პირადად ძალიან შეაწუხა ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2″-ის თემით და არ იყო გამორიცხული ეს ამბავი, რაც ეხლა მოხდა,”-აცხადებს ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებიც მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობენ.

ოქრუაშვილისათვის ბრალდება ჯერ არ წარუდგენიათ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუთშაბათ საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 20 ივნისს საქართველოს „პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას“.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა პაატა კემულარიამ თანაპარტიელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს „ოქრუაშვილი ეტყობა, ბოლო დროს ნერვებს უშლიდა“.

კემულარიას სიტყვებით, “აგონიაში მყოფი, სისხლიანი ხელისუფლება, რომელიც ვერ იკავებს ლარს, ფაქტობრივად მთელი მოსახლეობა დაპირისპირებული ჰყავს, ცდილობს პოლიტიკურ რეპრესიებს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეიდან პოლიტიკური პატიმარია“.

მსგავსი პოსტები

Back to top button