ირანმა დაიწყო აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა ახლო აღმოსავლეთში
დოჰაში მკაცრად გმობენ ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ირანმა დაიწყო ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა. წყაროს ინფორმაციით, ირანმა სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვა კატარის, ხოლო ერთი — ერაყის მიმართულებით.
“როიტერსის” ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის მოლოდინში, 23 ივნისს საღამოს, ერაყში აქტიური მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა.
სააგენტოები იუწყებიან, რომ კატარის დედაქალაქ დოჰას თავზე აფეთქებების ხმა ისმის. “ფრანს პრესის” რეპორტიორების ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება იყო, მათ შორის – დოჰას ცენტრსა და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. აფეთქებებზე იუწყება “ასოშიეიტედ პრესიც”.
“აქსიოსის” ცნობით, რომელიც ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეყრდნობა, ირანმა ექვსი რაკეტა გაისროლა დოჰას მიმართულებით. ისინი აგრეთვე აცხადებენ, რომ ირანმა რაკეტები ესროლა ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებსაც.
აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნის თანახმად, თეთრი სახლი და თავდაცვის დეპარტამენტი ფლობდნენ ინფორმაციას კატარში მდებარე ალ-უდეიდის ბაზის მიმართ არსებულ საფრთხეებზე და ინტენსიურად ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას.
“ფოქს ნიუსიც” იუწყებოდა, რომ კატარში მდებარე ალ-უდეიდის ბაზაზე თავდასხმა გარდაუვალი იყო. ირანის იგივე გეგმაზე ავრცელებდა ცნობას “ბიბისიც”.
კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კატარის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის იერიშის შედეგად აშშ-ის ავიაბაზაზე არავინ დაშავებულა.
ამასთან, კატარი აცხადებს, რომ აშშ-ის ალ-უდეიდას ავიაბაზაზე თავდასხმის შემდეგ უფლებას იტოვებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ირანს უპასუხოს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, კატარში მდებარე ალ-უდეიდის ავიაბაზაზე „ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო შეტევა“ განახორციელეს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას არასდროს დატოვებს უპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გასულ კვირაში გამოცხადდა, რომ აშშ-მა აღნიშნული ბაზიდან გაიტანა ტექნიკა და გაიყვანა სამხედროები.
ორშაბათსვე კატარმა გამოაცხადა საჰაერო სივრცის დროებით ჩაკეტვის შესახებ. მანამდე კი აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა თავიანთ მოქალაქეებს კატარის დატოვებისკენ მოუწოდეს.
ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზაა ახლო აღმოსავლეთში. ეს ბაზა აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო ბაზის ფუნქციას ასრულებს და იქ დაახლოებით ათი ათასი ამერიკელი სამხედრო მსახურობს.
კატარი მკაცრად გმობს ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი წერს, კატარი ამას სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევად მიიჩნევს.
მაჯედ ალ-ანსარიის განაცხადებით, კატარი ინარჩუნებს პასუხის უფლებას.
„კატარის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით შეაჩერეს თავდასხმა და ჩაჭრეს ირანული რაკეტები. რაც შეეხება ბაზას, ის მანამდე იყო ევაკუირებული“, – წერს მაჯედ ალ-ანსარი x-ზე.
სპიკერის თქმით, ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული ბაზაზე მყოფი პერსონალისა და შეიარაღებული ძალების უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა“, – წერს სპიკერი.