მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე დაამტკიცა ირანზე სამხედრო იერიშის გეგმა, თუმცა ჯერ საბოლოო ბრძანება არ გაუცია

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე ისმის.

თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს.

ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

სოროკას საავადმყოფოში აფეთქების შედეგად 86 ადამიანი დაშავდა, ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ირანმა ბეერ-შევაში მდებარე ამ სამედიცინო კომპლექსს ბალისტიკური რაკეტა ესროლა.

დაიბომბა ისრაელის რამდენიმე ქალაქი. დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანშიც. “ცახალმა” ირანის დედაქალაქში თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინას და ნავთობ გადამამუშავებელ საწარმოს დაარტყა. იერიშები იყო ქვეყნის ბირთულ ობიექტებზეც.

„The Wall Street Journal“-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაამტკიცა ირანზე სამხედრო იერიშის გეგმა, თუმცა ჯერ საბოლოო ბრძანება მისი განხორციელების შესახებ არ გაუცია. გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის ლიდერი კვლავ იმედოვნებს, რომ თეირანი უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე.

მთავარ სამიზნედ შეერთებული შტატები განიხილავს ფორდოს ურანის გამამდიდრებელ ქარხანას, რომელიც მთის ქვეშ მდებარეობს და ექსპერტების შეფასებით, მის გასანადგურებლად აუცილებელია მხოლოდ უახლესი ტიპის ბომბები GBU-57A და სტელს-ბომბდამშენი B-2 Spirit, რომელიც მხოლოდ აშშ-ს ჰყავს შეიარაღებაში.

Axios-ის ინფორმაციით, ტრამპს სურს თავდასხმამდე სამხედროებისგან მიიღოს გარანტია, რომ ბომბები წარმატებით გაანადგურებს ობიექტს. პრეზიდენტი ამ ეტაპზე ზუსტი, წერტილოვანი დარტყმებით დაკმაყოფილებას ემხრობა და არ სურს რეგიონში გრძელვადიანი ომის დაწყება.

ამავდროულად, Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები რამდენიმე დღეში შესაძლო შეტევისათვის ემზადებიან. საჯაროდ ტრამპი არ აკონკრეტებს გეგმებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს ბოლო წამს იღებს, რადგან „ომის დროს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს“.

მანამდე ტრამპი ირანისგან „უსიტყვო კაპიტულაციას“ მოითხოვდა და განაცახდა, რომ ამერიკამ ზუსტად იცის, სად იმყოფება ქვეყნის სულიერი ლიდერი ალი ხამენეი. თუმცა ტრამპის თქმით, მისი ლიკვიდაცია ამ ეტაპზე არ განიხილება.

ხამენეიმ კი ამერიკას უპასუხა, რომ ირანი არც ომს და არც თავსმოხვეულ ზავს არ მიიღებს და არასოდეს დათმობს ბირთვულ სუვერენიტეტს ზეწოლის ქვეშ.

მსგავსი პოსტები

Back to top button