ირანის იუსტიციის უწყებამ განაცხადა, რომ სიკვდილით დასაჯეს პირი, რომელიც დამნაშავედ ცნეს აშშ-ისა და ისრაელისთვის რევოლუციური გვარდიის გავლენიანი მეთაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. გენერალი ყასემ სულეიმანი აშშ-ის დრონმა მოკლა ერაყში.
„მაჰმუდ მუსავი-მაჯდისთვის გამოტანილი განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი ორშაბათს დილით. მას ბრალად ედებოდა ჯაშუშობა და თავისი ქვეყნისთვის ღალატის საქმე სამუდამოდ დაიხურა.“ – იუწყება იუსტიციის უწყების ვებგვერდი „მიზანი“ 20 ივლისს.
ირანის ხელისუფლებამ ივნისში განაცხადა, რომ მუსავი-მაჯდმა გასცა ინფორმაცია ყასემ სულეიმანის, ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის ძალების მეთაურის ადგილსამყოფლის შესახებ.
გასულ თვეში იუსტიციის სამსახური იტყობინებოდა, რომ მუსავი-მაჯდის სასიკვდილო განაჩენი უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა და მას „მალე“ სისრულეში მოიყვანდნენ.
სულეიმანის მოკვლის სამაგიეროდ, ირანმა აშშ-ის ბაზას ერაყში ბალისტიკური რაკეტა ესროლა, რის შედეგადაც, აშშ-ის არმიის 110-მდე ჯარისკაცს ტვინის შერყევა განუვითარდა.
ამ თავდასხმიდან რამდენიმე საათში, ირანის საზენიტო რაკეტა, შეცდომით, უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავს მოხვდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა.
ირანის ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, იყო თუ არა მუსავი-მაჯდის საქმე დაკავშირებული ირანის მიერ 2019 წლის ზაფხულში გავრცელებულ ცნობასთან, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან (CIA) დაკავშირებული 17 ჯაშუში დააკავეს. იმავე ცნობის მიხედვით, ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს.
ირანმა 14 ივლისს გამოაცხადა, რომ სიკვდილით დასაჯეს პირი, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და CIA-ს ინფორმაციას აწვდიდა.