ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილით დასაჯა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილით დასაჯა, რომელთაგან ერთი კარატეს ჩემპიონი, მეორე კი ბავშვთა მწვრთნელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
როგორც CNN-ი ირანული მედიასაშუალების Fars News-ზე დაყრდნობით წერს, 21 წლის მოჰამად მეჰდი კარამი და 20 წლის სეიედ მოჰამად ჰოსეინი შაბათს დილით ჩამოახრჩვეს.
მათ ბრალად მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან აფილირებული ბასიჯის მოხალისეთა წევრის მკვლელობა ედებათ.
ამასთან, CNN-ი ირანული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ზე დაყრდნობით წერს, რომ 3 ნოემბერს მოჰამად მეჰდი კარამი და სეიედ მოჰამად ჰოსეინი ქარაჯში, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, რუჰოლა ხომეინის ბრძანებით შექმნილი „ბასიჯის“ სამხედრო დაჯგუფების წევრის, სეიედ რუჰოლა აჯამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს.
უცხოური მედიის ცნობით, ბრალდებულებს ადვოკატის აყვანისა და მათ წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გაცნობის უფლება არ მისცეს. მოვლენების პარალელურად კი ირანის უზენაესმა ლიდერმა, საპროტესტო გამოსვლებიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ, პოლიციის ახალი უფროსი დანიშნა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) ორი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა დაგმო. OHCHR-მა “შოკისმომგვრელი” უწოდა იმ ფაქტს, რომ ირანი მომიტინგეების სიკვდილით დასჯას “საერთაშორისო აღშფოთების მიუხედავად” აგრძელებს. ამასთან, გაერო-ს ოფისმა ოფიციალურ თეირანს მოუწოდა შეწყვიტოს სიკვდილით დასჯა.
„ჩვენ ვგმობთ იძულებით აღიარებაზე დაფუძნებული უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ კიდევ ორი დემონსტრანტის, მოჰამად მეჰდი კარამისა და მოჰამად ჰოსეინის სიკვდილით დასჯას“, – აღნიშნა OHCHR-მა.
ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილით დასჯას გამოეხმაურა ევროკავშირიც, რომელმაც მომხდარს „შემაძრწუნებელი“ უწოდა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეპ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი აღშფოთებულია ირანში ორი დემონსტრანტის, სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებული მოჰამედ მეჰდი ქარამისა და სეიედ მოჰამად ჰოსეინის სიკვდილის დასჯით და მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მომიტინგეების სიკვდილით დასჯა.
ბორელი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯა ირანის ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის კიდევ ერთი ნიშანია.
“სიკვდილით დასჯა არის სასტიკი და არაადამიანური სასჯელი, ის არ მოქმედებს, როგორც დანაშაულის შემაკავებელი ფაქტორი. ეს არის საბოლოო სასჯელი, რომელიც შეუქცევადს ხდის მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზებს”, – თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო სექტემბერში, 22 წლის აქტივისტის, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ, რომელიც “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა.
ირანში გამართულ პირველ საპროტესტო აქციებზე ქალები ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ კანონის შეცვლას მოითხოვდნენ, ჰიჯაბებს იხსნიდნენ და პროტესტის ნიშნად თმას იჭრიდნენ. მოგვიანებით საპროტესტო აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა და ხალხი ირანის ხელისუფლების შეცვლას მოითხოვდა.
ბოლო მონაცემებით, ირანში სულ მცირე 516 მომიტინგეა დაღუპული, მათ შორის, ბავშებიც. ათასობით დემონსტრანტი კი დაკავებულია.
ირანში 7 იანვარს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის კიდევ ორი ადამიანი ჩამოახრჩვეს.