ირანული წარმოების დრონების გაცილებით დიდი რაოდენობის გამოყენება ხდება, ვიდრე წინა კვირებში
ავსტრალიის მთავრობა რუსეთსა და ირანს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საპასუხოდ, მიზნობრივ სანქციებს დაუწესებს

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) რეგულარულ ყოველდღიურ ანგარიშში აანალიზებს თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხრეთ უკრაინაში და წერს, რომ ირანული წარმოების დრონების გაცილებით დიდი რაოდენობის გამოყენება ხდება, ვიდრე წინა კვირებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 15 თავდასხმა შაჰედ-136 და შაჰედ-131 თვითმფრინავების გამოყენებით ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში და რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 10 მათგანი. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა უპილოტო თვითმფრინავმა სერიოზულად დააზარალა ოდესის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და აღდგენის სამუშაოებს ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდება.
გასულ კვირას ISW-მ დაწერა, რომ თითქმის სამკვირიანი პაუზის შემდეგ რუსეთმა უკრაინა ირანული დრონებით დაბომბა
რუსული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების ტემპის ზრდას მოჰყვა აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადება, რომ რუსეთი უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ირანს ირანული იარაღის სისტემების სანაცვლოდ – განსაკუთრებით კამიკაძე დრონების სანაცვლოდ.
სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ რუსული თვითმფრინავების თავდასხმების სიხშირის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა შეაგროვეს მეტი დრონი სამკვირიანი გამოუყენებლობის პერიოდში, ან რომ რუსეთმა ახლახან მიიღო ან ელოდება ირანიდან დრონების ახალ პარტიას უახლოეს მომავალში.
“რუსული თვითმფრინავების თავდასხმების სიხშირის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა დააგროვეს მეტი დრონი სამკვირიანი გამოუყენებლობის პერიოდში, ან რუსეთმა ცოტა ხნის წინ მიიღო ან ელის, რომ უახლოეს მომავალში ირანიდან დრონების ახალ პარტიას მიიღებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს. თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ “ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს”.
ამასთან ავსტრალიის მთავრობა რუსეთსა და ირანს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საპასუხოდ, მიზნობრივ სანქციებს დაუწესებს.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგი თქმით, სანქციები 13 ფიზიკურ პირსა და ორ ორგანიზაციას შეეხება, მათ შორის, ირანის “მორალის პოლიციასა” და 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილე ექვს ირანელს.
სანქციები, ასევე, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე შვიდ რუსსაც დაეკისრება.