“IRI უთავმოყვარეო ორგანიზაციაა”
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შედეგები არ ასახავს “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობას.
“როდესაც ერთი კომპანია გიდებს 27%-ს და მეორე გიდებს 60%-ს და ამხელა სხვაობა არის ერთმანეთში, იქ ბუნებრივია, ციფრები თავის თავზე მეტყველებს. CRRC და “აიპემ” არ არის ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ პარტნიორებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას. როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ. ანუ, კვლევებში ძალიან კარგად ვერკვევი და შესაბამისად, ასეთი ორგანიზაცია პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც უთავმოყვარეო. სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოისმინეთ ირაკლი კობახიძის ხმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 16 სექტემბერს ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მედიასთან აღნიშნა, რომ რესპექტაბელური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, როგორებიცაა Edison Research და IRI, უაღრესად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ამომრჩევლებისთვის, არამედ პოლიტიკური პარტიებისთვისაც.
“გამოკვლევები, თავისთავად, ძალიან მიშვნელოვანია. უაღრესად დასაფასებელია, როდესაც ისეთი პატივსაცემი ორგანიზაციის კვლევებს ვეცნობით, როგორიცაა Edison Research. როგორც ვიცი, IRI-საც ექნება წინასაარჩევნო კვლევები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რათა შეიტყონ ამომრჩევლების პრიორიტეტების შესახებ, თუ რა აწუხებთ ყველაზე მეტად ქართველებს და საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა ქართველი ხალხის მოთხოვნებს შეუსაბამონ.” – განაცხადა კელი დეგნანმა.
IRI-ს დაკვეთით, გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს გზით, 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის (USAID) მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2,5%-ია.
ამავე თემაზე: