მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ სენატი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ, ასრულებენ ევროკავშირთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და ახორციელებენ მნიშვნელოვან ძალისხმევას ევროინტეგრაციის პროცესში წინსვლისთვის;

მიესალმება საქართველოს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელიც წარდგენილია 2022 წლის პირველ კვარტალში;

აღიარებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ევროკავშირის კითხვარის სწრაფად შესავსებად და შევსებული კითხვარის ბრიუსელში დასაბრუნებლად;

აღიარებს საქართველოს მიერ გამოვლენილ პროგრესსა და ევროკავშირთან დაახლოების მაღალ დონეს. სენატი მტკიცე რეკომენდაციას იძლევა, მოხდეს არსებული პოლიტიკური იმპულსის შენარჩუნება და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ივნისში, ევროპის საბჭოს სხდომაზე;

ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, ტრიოს ქვეყნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თანხვედრაში იყოს და არ მოხდეს ასოცირებული ტრიოს გაყოფა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. უნდა მოხდეს გეოპოლიტიკური კონტექსტის სრული გაცნობიერება და ამავდროულად გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას შენარჩუნებული უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროცესში რომელიმე ქვეყნის უკან მოტოვება დამღუპველ ზეგავლენას მოახდენს ამ ქვეყნების საზოგადოების პროევროპულ გრძნობებზე, რაც რუსეთს არაპროგნოზირებადი, დესტრუქციული ქმედებებისთვის მწვანე შუქს აუნთებს;

ადასტურებს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დააახლოებს და გააძლიერებს ქვეყანას, რათა გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას;

აღიარებს ქვეყნის მიღწევებს ევროინტეგრაციის გზაზე და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში ხელშესახები პროგრესის შენარჩუნებაში;

მოუწოდებს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსთან, რათა გაძლიერდეს ასოცირების შეთანხმების შემდგომი იმპლემენტაცია, რათა მოხდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის წინსვლა;

აღიარებს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა გამუდმებით ავლენდა
აბსოლუტურ მხარდაჭერას ევროინტეგრაციისადმი, რაც ასევე აისახა ქვეყნის მთავრობების პროევროპულ პოლიტიკაში;

მიესალმება ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმების დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლებისა, მთავრობის გამჭვირვალობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით;

ირლანდიის სენატი ირლანდიის მთავრობას რეკომენდაციას უწევს, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დააახლოებს და ქვეყანას სტიმულს მისცემს, გააგრძელოს რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას.

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„უდიდეს მადლობას ვუხდით ირლანდიის სენატს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი ძალისხმევის აღიარებისთვის; ასევე, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ მოწოდებებისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button