“ის ელჩი რომ “გამოიძახეს“, სახლამდე როგორ ჩააღწევს?“
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/05/saakashvili-4.jpg)
“შეიძლება კითხვა დავსვა? ის ელჩი რომ “გამოიძახეს“, სახლამდე როგორ ჩააღწევს?“– კითხულობს უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, უკრაინიდან ელჩი გამოიძახოს.
ამის შესახებ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:
“სერიოზულად თუ ვიტყვით:
“პრეზიდენტი ზელენსკი იმის მომხრეა, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობები გააღრმაოს იქ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში და მე ამას სრულად ვუჭერ მხარს. ეს ბრძნული სახელმწიფოებრივი პოზიციაა.
“ქართველი ხალხი არ მისცემს არც ერთ ხელისუფლებას უფლებას, თუნდაც ოდნავ გააფუჭოს უკრაინასთან ურთიერთობა და თუნდაც, მიანიშნოს ამაზე.
“საერთოდ კი, ვფიქრობ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ყველაფერი კარგად იქნება და ორი ქვეყნის ახლო, მეგობრულ ურთიერთობას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, საქართველოში უცხო ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. გამონაკლისის სახით, მოქმედებს მხოლოდ სპეციალური ავიარეისები, რომლითაც უცხო ქვეყნებში ჩარჩენილი მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ახალი რეისების განრიგში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა, უკრაინის მიმართულება არ სახელდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოელი ტურისტების პირველი ნაკადის მიღება 1 ივლისს უნდა მოხდეს.