,,პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება-ის, თავისი ბუნებით არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება”-ივანიშვილი

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წარადგინეს.
„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაპირდაპირი წესით გაიმართება. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას, ქართველის ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს. აქედან გამომდინარე, იმთავითვე ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაიკავებს. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი, იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი. ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება „თბილისის დინამოს“, ვლადიკავკაზის „ალანიას“, „მანჩესტერ სიტის“, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში.
„პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში მიხეილ ყველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას. ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა. ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მინდა, მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
ოცნებამ პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება. ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება. კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც მხოლოდ ერთს უნდა მისცეს.