მნიშვნელოვანისიახლეები

(ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა

ცესკო-ში სამართლიანი არჩევნების განცხადებას ეხმაურებიან

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ახალ დარღვევებზე ისაუბრა და ყურადღება ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გენდერულ ნაწილზე გაამახვილა.
მისი თქმით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ შეცვლილია.
ნინო დოლიძის თქმით, ცესკოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცია ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ, არაბუნებრივ მახასიათებლებს.

ის აღნიშნავს, რომ მოწოდებული ინფორმაციით, ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა 100%-ზე მაღალია, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული, რაც მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს. ის მიუთითებს, რომ 23 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს.

“26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობას როდესაც შევხედეთ, გამოვავლინეთ საყურადღებო ტენდენცია გენდერულ ნაწილთან დაკავშირებით, კონკრეტულად, კაცებისა და ქალების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომლებიც საკმაოდ საყურადღებო ტენდენციას ავლენდა და სწორედ აქედან გამომდინარე, მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ქალებისა და კაცების მიხედვით.

მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის აქტივობა 80-100%-მდე იყო, ქალების აქტივობა ამ შემთხვევაში იყო მაგალითად 57% და გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როცა ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება – მაგალითად, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 100%-ზე მაღალია ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული, ანუ, რომ დავაზუსტოთ, სიაში რეგისტრირებულ კაცთა 100%-ზე მეტის მონაწილეობა დაფიქსირდა არჩევნებში, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.

სამართლიანი არჩევნების ცესკოს მიერ მოწოდებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, ხოლო 32 საარჩევნო უბანზე ქალის. 275-დან 67 საარჩევნო უბანზე ეს განსხვავება კაცების შემთხვევაში 30%-ზე მეტი პროცენტული სხვაობაა, ხოლო 12 საარჩევნო უბანზე, 30%-ზე ქალების შემთხვევაში. გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც კაცი ამომრჩევლების რაოდენობა – მოსული ადამიანების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს”, – თქვა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე.
ნინო დოლიძის თმითვე, 10 საარჩევნო ოლქში გამოვლინდა შეუსაბამობა, არჩევნებზე მისულ ამომრჩევლის რაოდენობასა და საარჩევნო უნაბზე რეგისტრირებულ საერთო რაოდენობას შორის.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც არჩევნების დღესთან დაკავშირებულ გამოვლენილ დარღვევებს ეხება. ISFED-ის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ, არაბუნებრივ მახასიათებლებს.

ცესკოში აცხადებენ, რომ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას. აღნიშნული მონაცემები არ ითვლება მთვლელების მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემში.

“ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მკვლევრებს, სოციოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გენდერულ ჭრილში შეისწავლონ ამომრჩეველთა აქტივობა;

მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა წინა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა და ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას, გასათვალისწინებელია იმ კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ესენი არიან: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე”, – აღნიშნა ცესკო-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

გარდა ამისა, კომისიაში განმარტავენ, რომ მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს.

არჩევნების პროცესში მანიპულაციებზე საუბრობს ISFED-ი. ორგანიზაციის დირექტორმა ბრიფინგზე ამომრჩეველთა რაოდენობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გარკვეულ უბნებზე მამაკაცთა აქტივობა იმაზე მაღალია, ვიდრე რეგისტრირებულ სიაში კაცი ამომრჩევლების რაოდენობა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მანიპულაციებით თავად ISFED-ია დაკავებული, რომელიც ამ დრომდე არ აქვეყნებს პარალელური დათვლის შედეგებს.

“ISFED-ზე შეიძლება ერთი რამე ვთქვათ – დაანებონ თავი მანიპულაციებს. დაანებოს მანიპულაციებს თავი და გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც თავისივე განცხადებით, ცესკოს შედეგებს ემთხვევა. საინტერესოა ის არის, რომ მათ თავადვე აღიარეს, ისინი ამ ყველაფერს არ გამოაქვეყნებენ, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები ლეგიტიმური იქნებაო. ახლა ცდილობენ, რომ ყველანაირი მანიპულაციური გზით, როგორმე ეჭვი შეატანინო არჩევნების შედეგებში, დასკვნებში, მაგრამ მაინც ვე ატყუებენ საზოგადოებას და თავი დაანებონ ამას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button