მნიშვნელოვანისიახლეები

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) ახალი დირექტორი ჰყავს. ნინო დოლიძის ოთხწლიანი სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ ამ თანამდებობას მისი ყოფილი მოადგილე ლევან ნატროშვილი დაიკავებს.

ნატროშვილი გამგეობის წევრებმა შეარჩიეს.

“ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 17 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ლევანი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი. ლევანი 2012 წლიდან საქართველოში გამართულ ყველა საერთო არჩევნებზე სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თანახელმძღვანელობდა. ამასთანავე, ლევანი არის ათეულობით კვლევისა და ანგარიშის ავტორი, თანაავტორი და ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს ლევანს საკონსულტაციო მომსახურება გაუწევია ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ევროპის საბჭო (CoE).

ლევანი რამდენიმე პრესტიჟული აკადემიური სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია და ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე, კენტუკის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხებს. ლევანი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის დოქტორანტია”, – წერს ISFED.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია საქართველოში ჩატარებულ 20-ზე მეტ არჩევნებს დააკვირდა, მათ შორის ატარებს „პარალელურ დათვლებს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button