ISFED, თელავში, სკოლის დირექტორებისა და პედაგოგებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა.
ორგანიზაცია აღნიშნასვს, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად რჩებიან და ხშირია მათი საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, უმეტესად, კი მმართველი პარტიის მიერ. აქედან გამომდინარე, ხდება მათზე ზეწოლაც. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა, საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად, ისაუბრა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე ზეწოლის შესახებ. ბოლო პერიოდში, არაერთ დირექტორს ტელეფონზე ანონიმურად უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ თავი დაანებონ აქტივობას და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რადგან „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლისას, ისინი არ დარჩებიან თანამდებობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს რამდენიმე სკოლის დირექტორმა, ანონიმურად დაუდასტურა, რომ კოლეგებისგან სმენია ასეთი ფაქტების შესახებ.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მთავარი გამოწვევა ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციურ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლა, მუქარა და ხელის შეშლაა.
„ამგვარი შემთხვეევბის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. ერთი მხრივ, ართულებს პოლიტიკოსების დაუბრკოლებელ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვასა და განხორციელებას. ასევე, გამოწვევად რჩება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომელთა რაოდენობა იმატებს საარჩევნო პროცესების გააქტიურებისა და არჩვნების დღის მოახლოებასთან ერთად. უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებზე დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა დასჯა”. – წერია ISFED-ის ანგარიშში.
28 სექტემბერს, სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. დაზარალებულს თავდამსხმელი არ დაუნახავს. ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ. 27 სექტემბერს, ბოლნისში, მმართველი პარტიის და „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატების წარმომადlგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, იქ მყოფმა რამდენიმე პირმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ასევე, ოპოზიციონერი კანდიდატის, ოქრიაშვილის თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდამჭერები ჰაერში ისროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდანაც.
ISFED-შ აცხადებენ, რომ ბოლნისისა და დმანისის ოლქში შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ორგანიზაციაში სამართალდამცველებს დროული და ობიექტური რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ISFED-ის ინფორმაციით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადგილი აქვს მხარდამჭერებზე ზეწოლას და მათი გადაბირების მცდელობებს. პოლიტიკოსთა განცხადებით, ამის გამო მათ უჭირთ ადგილზე კადრების მოძიება, ხოლო მათი მხარდამჭერები და წარმომადგენლები უარს ამბობენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მიუთითებენ მათი ლიდერებისა და წევრების მიმართ თვალთვალზე, მათ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებაზე, რაც უხერხულობას უქმნის მათ მხარდამჭერებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, კვლავ გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტები. აბაშაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწე გამოიყენეს. ასევე, 300 რუსთაველი სტუდენტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აღნიშნავენ, წელს, ეს სტუდენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობაა, 2018 წელს – 33, ხოლო 2019 წელს – 157 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ერთჯერადად დაფინანსდა. გასაცემი თანხა ქულების შესაბამისად 800-დან 1200 ლარამდეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვა და არჩევნებამდე 60 დღიან პერიოდში მუნიციპალუტეტის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის, 1 032 100 ლარით გაზარდა.
საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისები. ახალარჩეულ კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი. ზოგიერთი წევრის ახლობელი, ოჯახის წევრი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია. საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები, მერიის ან საკრებულოების, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ააიპების თანამშრომლები. “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირები შვებულებაში არიან. მართალია ზემოაღნიშნული პირდაპირ დაარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ამ პირთა მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს.
ცნობისთვის, ISFED-ის ანგარიში 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, მოცემულ პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13; არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის – 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.