მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, უგულავა ორჯერ დავიჭირეთ”

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვა მას არ ეკუთვნის, რადგან მისი პრემიერ-მინისტრობის დროს უგულავა ორჯერ დააკავეს. ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას, თუ ვინ გამოუშვა გიგი უგულავა.

“რაც შეეხება შეკითხვას, ვინ გამოუშვა გიგი უგულავა, ეს კითხვა მე არ მეკუთვნის. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა თავდაცვის მინისტრი ვარ, ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის.” — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.” – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი გიგი უგულავა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ მოხსენებას.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ექსკვიზიტური ბრიყვია.

„ბატონი ღარიბაშვილი კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას, ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია „ქართული ოცნების“ გუნდში. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მან აღიარა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე მოსპო მართლმსაჯულება და სასამართლო.” – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება. ღარიბაშვილის გამოსვლას არ ესწრებიან პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები.

მსგავსი პოსტები

Back to top button