“ისლამურმა სახელმწიფომ” თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” თავისი საველე მეთაურის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა.

როგორც ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ი იტყობინება, ბათირაშვილი ერაყში, მოსულიდან სამხრეთით, ქალაქ შირკატთან მოკლეს.

ამასთან, სააგენტო არ აკონკრეტებს, როდის მოკლეს თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი. Amaq-ი აღნიშნავს, რომ ის მოსულისთვის ბრძოლაში დაიღუპა, რაც ამერიკელი სამხედროების ინფორმაციას ეწინააღმდეგება. პენტაგონმა ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, თარხან ბათირაშვილი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამერიკული ავიაციის საჰაერო დარტყმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა.

1986 წელს პანკისის ხეობაში დაბადებული თარხან ბათირაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. კონფლიქტის შემდეგ ის საქართველოში იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს. 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 2012 წელს თურქეთში წავიდა და სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

ომარ ალ-შიშანი “ისლამურ სახელმწიფოში” რამდენიმე ე.წ. თანამდებობას იკავებდა, მათ შორის “ომის მინისტრის” პოსტს.

აბუ ომარ ალ-შიშანი აშშ-ის მიერ ძებნილ პირთა სიაში მოწინავე ადგილას იყო. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ვაშინგტონს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ალ-შიშანი “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მთავარ მრჩეველად ითვლებოდა.

პანკისელი ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობები მედიაში არაერთხელ გავრცელებულა. გასული წლის დეკემბერში კი რუსული მედია იტყობინებოდა, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ კირკუკში დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button