“ყველა მშვიდობიან სტუმარს”-ლავროვის ოჯახის წევრებისა და კადიროველების ჩამოსვლას-სუს მიესალმება
სუს "იცავს" როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, სტუმრებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვის ჩამოსვლაზე ამბობს, რომ სუს-ი მიესალმება “ყველა მშვიდობიან სტუმარს”.
ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული პირები ქვეყანაში თავისუფლად შემოვიდნენ, რადგან მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდათ და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცვლელ სუბიექტებს არ წარმოადგენენ.
“ყველგან ვართ, სადაც უსაფრთხოების რისკები არსებობს – ქორწილი იქნება, გასვენება, სადაც უსაფრთხოების რისკები არის… ჩვენ არა ვართ სანქციებს მიერთებული, ალბათ, გეცოდინებათ… თავისუფლად [შემოვიდნენ]. ადამიანებს, ვისაც არ აქვთ დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, არ წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველ პიროვნებებს და ასევე, ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვთ დიდი წილი, ჩვენ მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს. ჩვენ ვიცავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას”, – განაცხადა მან.
19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.
ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებდნენ, თუმცა როგორც მეორე დღეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრისგან “მიიღო პირობა”, რომ იმ რუსმა ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.
რუსული ქორწილის გასაპროტესტებლად ყვარლის ტბასთან აქციები გაიმართა – იქ შსს-მ 20-მდე ადამიანი დააკავა, მათ შორის იყო დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ “კადიროველები” საქართველოში 22 მაისიდან იმყოფებოდნენ და არა მხოლოდ თბილისში, არამედ კიდევ რამდენიმე ქალაქში გადაადგილდებოდნენ. სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახი კი ყვარელს საქორწილო ღონისძიების ჩასატარებლად ეწვია. საქართველოში იმყოფებოდა თავად ლავროვის ქალიშვილიც.