ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ

ისრაელმა და ჰამასმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მიაღწიეს – ინფორმაცია BBC-იმ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. შეთანხმების სხვა კონკრეტული დეტალები ან მხარეთა ოფიციალური განცხადებები საკითხთან დაკავშირეებით ემ ეტაპზე არ ვრცელდება.
ამასთან “როიტერის” ინფორმაციით, მანამდე მხარეებს, მოლაპარაკების შედეგად, გარკვეული პირობები ჰქონდათ წარდგენილი. ცნობილი იყო, რომ “ჰამასი” მძევლებს ღაზის სექტორიდან “ცაჰალის” სამხედროების გაყვანის გარეშე არ დააბრუნებს.
ისრაელმა დაადასტურა, რომ მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწია დაჯგუფება ჰამასთან, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
კატარის პრემიერ-მინისტრი უახლოეს საათებში გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც სავარაუდოდ გამოაცხადებს შეთანხმების პირობებს.
ისრაელის მე-13 არხმა, მოლაპარაკებებთან დაახლოებულ თავის წყაროებზე დაყრდნობით, უკვე გაავრცელა ინფორმაცია ამ პირობების შესახებ. ამ წყაროების თანახმად, ჰამასი 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმის შედეგად აყვანილ 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი პირობას დებს, რომ გაათავისუფლებს პატიმრებს, რომლებიც დამნაშავე არიან ჰამასთან თანამშრომლობაში და ისრაელელებზე თავდასხმებში. თითოეული მშვიდობიანი მძევლის სანაცვლოდ ჰამასი მიიღებს 30 მსჯავრდადებულს, ხოლო თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის – 50 პატიმარს.
შეთანხმების მიღწევას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მძევლები მალე გათავისუფლდებიან.
“ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ”, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
არ აკონკრეტებენ, გასათავისუფლებელი მძევლები ცოცხლები არიან თუ ლაპარაკია ცხედრების გადაცემაზე.
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 600 სატვირთო მანქანის გაგზავნას და ისრაელის სამხედრო ძალების ეტაპობრივ გაყვანას სექტორიდან.