ისრაელი ღაზის სექტორზე ინტენსიურ იერიშს განაგრძობს
ბრძოლა პარასკევს 1 დეკემბერს განახლდა

ზეწოლის მიუხედავად, ისრაელი ღაზის სექტორზე ინტენსიურ იერიშს განაგრძობს. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე მათ კონტროლი დაამყარეს. “ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბოლო 24 საათში ისრაელის საჰაერო დარტყმებს 100 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ცაჰალის” სარდლობის ცნობითვე, ისინი წინ მიიწევენ სამხრეთ ღაზაში, განსაკუთრებით კი – ხან-იუნისის რაიონში. მათი თქმით, ანკლავში, საერთო ჯამში, 1500 გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც “ჰამასს” ეკუთვნოდა და უმეტესი მათგანი სამოქალაქო ტერიტორიებსა და სტრუქტურებში იყო განლაგებული.
ამავე დროს, თელ-ავივი კიდევ ერთხელ აცხადებს “ჰამასთან” ბრძოლაში მეორე პაუზისთვის მზადყოფნას, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა. თავის მხრივ “ჰამასი” კი ამბობს, რომ ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ ომის შეწყვეტის შემდეგ დაიწყება. ღაზაში ამ დროისთვის 130-მდე მძევალია.
ამასთან აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ აშშ ცდილობს, ისრაელ-ჰამასს შორის ჰუმანიტარული პაუზისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა ამ ეტაპზე, მოლოდინები არ არსებობს.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შედგეს შეთანხმება. ამ ეტაპზე, არავითარი მოლოდინები არ არსებობს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედოვნებენ, რომ ის შესაბამისი შედეგით დასრულდება.
დროებითი სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის უცხოური შუამავლობის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის დროსაც მოხერხდა ორივე მხრიდან დაკავებულთა გაცვლა და ასევე სექტორის ჰუმანიტარული დახმარება.
ზავი 24 ნოემბერს ამოქმედდა და მცდელობის მიუხედავად, ბრძოლა პარასკევს 1 დეკემბერს განახლდა.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას დღეს კენჭი უნდა უყაროს გაეროს უშიშროების საბჭომ. მანამდე მომზადებულ მსგავს დოკუმენტებს ვეტო ვაშინგტონმა დაადო.
ამასთან ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გამორიცხავს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას „ჰამასის“ ლიკვიდაციამდე. ამის შესახებ ნეთანიაჰუს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, ნებისმიერი, ვინც ფიქრობს, რომ ომი ისრაელის მიზნების მიღწევამდე დასრულდება, რეალობას არის მოწყვეტილი.
„ჩვენ არ შევაჩერებთ ბრძოლას იქამდე, ვიდრე ყველა დასახულ მიზანს არ მივაღწევთ. ეს არის „ჰამასის“ განადგურება, მძევლების გათავისუფლება და ღაზიდან საფრთხის დასრულება“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ცნობისთვის, “ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად, რასაც შემდგომ ისრაელის მხრიდან ომის გამოცხადება მოჰყვა, 1 200 ადამიანი დაიღუპა. მძევლად იაყვანეს 240 ადამიანი, მათი ნაწილი ზავის დროს გათავისუფლდა.
ღაზაში ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 20 000 ადამიანი დაიღუპა და 52 000-ზე მეტი დაშავდა.