ისრაელში, თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.
სკოლებს უბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ფინალური გამოცდები ჩააბარონ.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელში შეზღუდვები მარტში დაწესდა. ახლა კი, ეტაპობრივად იხსნება.
დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 16 193 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 230 პაციენტი.
სომხეთში ხვალიდან მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი გაიხსნება.
„კოვიდ-19“- ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტიგრან ავინიანმა გასცა.
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში ვირუსის 2 386 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 35 ადამიანი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სომხეთში ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ზე მეტი იყო.
ამ ეტაპზე სომხეთში სავაჭრო ცენტრები, სკოლა და უნივერსიტეტი დახურულია. ჯერჯერობით, კვლავ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
იტალიაში, ლაციონს რეგიონის ხელისუფლებამ საფეხბურთო კლუბ “რომას” ვარჯიშის განახლების ნება დართო. შესაბამისად, რომაული კლუბის ფეხბურთელები ინდივიდუალურ მომზადებას 6 მაისიდან დაიწყებენ.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
„მომავალი კვირიდან ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით და დისტანციის ზომების დაცვით, ინდივიდუალურ ვარჯიშს დაიწყებენ“. – წერია იტალიური კლუბის Twitter-ზე.