მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია

ისრაელი ეგვიპტესა და იორდანიაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, პრემიერ-მინისტრის ოფისისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, არსებობს საფრთხე, რომ ისრაელის მოქალაქეები იმ ადამიანების სამიზნე გახდნენ, რომლებიც მიმდინარე ომის გამო არიან გაბრაზებულნი, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა“, -აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო.

ამავე განცხადების მიხედვით, ეგვიპტესა (მათ შორის სინაის ნახევარკუნძულზე) და იორდანიაში, საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა, მაროკოში კი – სამამდე. უწყებები ისრაელის ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეს ქვეყნები.

განცხადებაში, დამატებითი რეკომენდაციის სახით, მითითებულია, რომ სასურველია, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ თურქეთში, მალაიზიაში, ბანგლადეშში, ინდონეზიაში, მალდივებზე, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ბაჰრეინში გამგზავრებისგანაც.

გასულ კვირას, ეგვიპტელმა პოლიციელმა ორი ისრაელელი ტურისტი მოკლა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button