მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის არმიამ ღაზას საავადმყოფოში ჰამასის 70 ბოევიკი დააკავა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე კამალ ადუანის საავადმყოფოში “ჰამასის” 70-ზე მეტი წევრი დააკავეს. უწყების სპიკერის თქმით, მებრძოლები ისრაელის შეიარაღებულ ძალებს იარაღთან ერთად ჩაბარდნენ, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საპასუხოდ, “ჰამასის” მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელმა, საავადმყოფოს ბლოკირებით, სამედიცინო პერსონალს ხელი შეუშალა, ეზრუნა 10 დაშავებულ ადამიანზე. შედეგად, ექიმების ყურადღების გარეშე დარჩენილი ორი პაციენტი გარდაიცვალა.
პარალელურად, პალესტინის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის ჯარებმა ღაზას საავადმყოფოების უმეტესობა ძალით დაიკავა და პაციენტებს მკურნალობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

ამასთან, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის სამხრეთში 4 საათის განმავლობაში ბრძოლა შეწყვიტეს, რათა მოსახლეობას საკვებისა და წყლის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა. მედია ორივე მხარის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი-„ჰამასის“ ომს სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 18 600 პალესტინელი ემსხვერპლა.

ამასთან „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი “რამდენიმე თვეზე მეტხანს” გაგრძელდება. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან საუბარში განაცხადა.

“ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საკუთარი თავი იმისთვის ააწყო, რომ ისრაელს ებრძოლოს, ააშენეს ინფრასტრუქტურა მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ, მათი განადგურება მარტივი არაა. ეს დროის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს – რამდენიმე თვეზე მეტხანს გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ გავანადგურებთ”, – განაცხადა გალანტმა.

მან მადლობა გადაუხადა სალივანს აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ “შეერთებული შტატები და ისრაელი საერთო ინტერესებს, საერთო ღირებულებებს იზიარებენ”.

„ამ ომში ჩვენ ასევე საერთო მიზნებს ვიზიარებთ”, – აღნიშნა გალანტმა.

7 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ისრაელი “ჰამასს” საავადმყოფოების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button