მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის არმიამ ღაზაში გაფართოებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელმა ღაზის სექტორში ინტენსიური რეიდები ჩაატარა და მასობრივი თავდასხმა განახორციელა – როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებით ტერორისტების 150-ზე მეტი “მიწისქვეშა ობიექტი” გაანადგურეს. ქვეითები, საბრძოლო საინჟინრო ძალები და ტანკები ღაზის სექტორის სიღრმეში შევიდნენ. უწყების ცნობით, წინსვლის დროს, ტერორისტებთან რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

„დღეს ღამით სახმელეთო ოპერაციის გაფართოება დაიწყო, თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის სიღრმეში შევიდნენ. წინსვლის დროს ტერორისტებთან რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამავე დროს, საჰაერო ძალებმა ღაზაში 150-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელი ამბობს, რომ ამ შეტევის დროს მოკლეს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური – მათი თქმით, ასემ აბუ რაკაბა 7 ოქტომბერს ტერორისტების მიერ ისრაელის სამხედრო პუნქტებზე შეტევაზე იყო პასუხისმგებელი, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტების მიერ ხოცვა-ჟლეტის დაგეგმვაში.

გუშინ ღამით ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გაფართოება დააანონსა და მოსახლეობას სამხრეთით გადაადგილებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
გარდა ამისა „ცაჰალმა“ (ისრაელის ოფიციალური არმია) .დაადასტურა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციას აფართოებს. თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენაც მოუწოდა.

ონტრ-ადმირალი, ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელმა ღაზაში შეტევები გააძლიერა.

“ბოლო საათებში, გავაძლიერეთ შეტევები ღაზაში. საჰაერო ძალები ახორციელებდნენ ფართო დარტყმებს გვირაბებსა და ტერორისტების სხვა ინფრასტრუქტურაზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების კვალდაკვალ, სახმელეთო ძალები აფართოებს მოქმედებებს. სამხედროები ძლიერად მოქმედებენ ყველა განზომილებაში, რათა მიაღწიონ ომის მიზნებს,” – აცხადებს ჰაგარი.

ისრაელს ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია არ დაუწყია, თუმცა მათი თქმით, ბოლო დროს ღაზაში ჩატარებული რეიდები კონკრეტული ობიექტების განადგურებას ემსახურება და მიზანი “ოპერაციის მომავალი ეტაპისთვის ნიადაგის მომზადებაა”. ისრაელის გაფართოებულ თავდასხმას გამოეხმაურა ჰამასიც და განაცხადა, რომ მათ “სრული ძალებით” დაუპირისპირდებიან.
ამასთან „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებთან შეტაკება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჰამასის“ სამხედრო ფრთამ, ალ-ქასამის ბრიგადებმა განაცხადეს, რომ უპირისპირდებიან ისრაელის სამხედრო სახმელეთო შეჭრას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.

„ჰამასის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძალადობრივი შეტაკებები“ მიმდინარეობს ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ბეიტ ჰანუნთან და ცენტრში, ბურეიჯთან. დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიმდინარეობს შეტაკებები, უცნობია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ საჰაერო იერიში სამხრეთ ლიბანში არსებულ „ჰეზბოლას“ ობიექტზეც მიიტანეს, გუშინ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო სროლის საპასუხოდ.

თუმცა The New York Times-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის მეტი დროა საჭირო, შესაბამისად, ისრაელს ურჩევს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადადოს.

ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს ისრაელის სახმელეთო ოპერაციას და ჰამასის განადგურების შესახებ მის გაცხადებულ მიზანს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებისთვის დროის საჭიროებას ხედავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button