მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის ძალებმა იერიში მიიტანეს ხან იუნისსა და რაფაჰში არსებულ ლტოლვილთა ბანაკებზე-ომი ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელის ძალებმა იერიში მიიტანეს ხან იუნისსა და რაფაჰში არსებულ ლტოლვილთა ბანაკებზე, შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღაზაში დაასრულეს ასობით ცხედრის ამოღება ნასერის სამედიცინო კომპლექსის მასობრივი საფლავიდან, ისრაელის დანაშაულებრივი ქმედებისა და გენოციდის ბრალდების საქმეზე საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნისა, ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციას რაფაჰში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, მილიონზე მეტი დევნილი თავშესაფარს ეძებს.
„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს შეთავაზებაზე ისრაელის პასუხი მიიღო, – ამის შესახებ განცხადებას „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ხალილ ალ-ჰაია ავრცელებს.

„დღეს, „ჰამასმა“ 13 აპრილს ეგვიპტისა და კატარისთვის წარდგენილ შეთავაზებაზე სიონისტური ოკუპაციის ოფიციალური პასუხი მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხალილ ალ-ჰაიამ აღნიშნა, რომ ახლა „ჰამასი“ ისრაელის პასუხს შეისწავლის.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი და მსოფლიო ლიდერები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი, ბრენდე ბორგე ავრცელებს.

„ახლა მთავარი მოთამაშეები ერ-რიადში იმყოფებიან და იმედია, რომ დისკუსიები შერიგებისა და მშვიდობის პროცესამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ბრენდე ბორგემ.

ბორგემ აღნიშნა, რომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე კვირაში გაიმართება და რეგიონულ ლიდერებთან ერთად შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც დაესწრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button