მსოფლიოსიახლეები

ისრაელის პარლამენტმა კოალიციური მთავრობა დაამტკიცა

ისრაელის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 18 თვის განმავლობაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლებას, მის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორს და ყოფილ ოპონენტს, ბენი განცს გადააბარებს. ბენი განცი ნეთანიაჰუს მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. ახალ მინისტრთა კაბინეტში 36 პოსტი იქნება.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტს ახალი მთავრობა დღეს წარუდგინა.

„ხალხს უნდოდა ერთიანობა და ეს არის ის, რაც მან მიიღო“. – განაცხადა ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას.

თავის მხრივ, განცმა საკანონმდებლო ორგანოში მიმართვისას აღნიშნა, რომ „ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდა“.

შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას ისრაელში წინ უძღოდა პოლიტიკური კრიზისი. ისრაელში ბოლო საპარლამენტი არჩევნები 2 მარტს გაიმართა. ეს ქვეყანაში ერთ წელიწადში მესამე ვადამდელი არჩევნები იყო. საბოლოოდ, ნეთანიაჰუს პარტიამ „ლიკუდი” და ბენი განცის პარტიამ „ლურჯი და თეთრი“ სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button