მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა “ჰამასის” 600-ზე მეტი ობიექტი დაბომბეს

ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღაზაში დაარტყეს 600-ზე მეტი “ჰამასის” ობიექტს. გასულ დღეს მათ შორის იყო ალ-აზჰარის უნივერსიტეტის მიდამო, სადაც, ისრაელის მხარის ცნობით, შეიარაღებული ტერორისტები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები პუნქტი გამოავლინეს.

ასევე ნათქვამია, რომ სამიზნე იყო იარაღის საწყობები, სამალავები, ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები. ალ-აზჰარის უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი ღაზას ცენტრთან ახლოს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გააქტიურებისას მოკლეს “ჰამასის” “ათობით” მებრძოლი ღამით.

განცხადებაში ნათქვამია:

“ღაზას სექტორში ტერორისტებთან შეტაკების დროს, IDF-ის ჯარებმა მოკლეს ათობით ტერორისტი, რომლებიც შენობებსა და გვირაბებში ბარიკადებით იყვნენ და ჯარებზე თავდასხმას ცდილობდნენ.

ერთ ინციდენტში, IDF-ის თვითმფრინავმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისრაელის სახმელეთო ჯარები, დაარტყა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის კუთვნილ პოსტს შენობის შიგნიტ, რომელშიც ჰამასის 20-ზე მეტი ტერორისტი იყო”, – ამბობს უწყება.
ისრაელის ჯავშანტექნიკამ ქალაქ ღაზის გარეუბნამდე მიაღწია და მთავარი მაგისტრალი – სალაჰ ალ-დინის გზა გადაკეტა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.

„გზა გადაკეტეს და ესვრიან ნებისმიერ ავტომობილს, რომელიც გავლას ცდილობს“, – განუცხადა მედიას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სალაჰ-ალ-დინიდ გზა ღაზის სექტორის მთავარი გზატკეცილია. ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან. მისი სიგრძე 40 კილომეტრს აჭარბებს.

ღაზის სექტორმა მორიგი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო – გაეროს ცნობით, დღეს ღაზაში 30-ზე მეტი სატვირთო შევიდა, რაც დახმარების მიღების დაწყების დღიდან ყველაზე დიდი რაოდენობაა.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ 33-მა სატვირთომ რაფაჰის გამშვები პუნქტიდან ღაზის ტერიტორიაზე წყალი, საკვები და მედიკამენტები შეიტანა – 21 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში, ჯამში, 117 ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო გადავიდა.

ღაზის სექტორში მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება პირველად 21 ოქტომბერს მიიღო – პირველად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო მანქანა შევიდა. 23 ოქტომბერს კი რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი კიდევ 14-მა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა. ღაზის სექტორის მოსახლეობას საკვები და მედიკამენტები ეგვიპტესთან სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ მიეწოდება.

ისრაელის პრემიერმინისტრმა პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება ღაზაში უწყვეტი იქნება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ჰეზბოლას რამდენიმე პოზიციაზე. იერიშები ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანიდან, ჩრდილოეთ ისრაელზე სარაკეტო გასროლის საპასუხოდ მიიტანა.

IDF-ის ცნობით, სამიზნეები მოიცავდა ტერორისტული ჯგუფის სამხედრო ინფრასტრუქტურას.

IDF დარტყმების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს.

21 ოქტომბერს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

ისრაელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button