ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი, საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით, ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი და რამდენიმე სხვა თანამშრომელი ისრაელის თავდაცვის ძალებმა დააკავა.
„ექიმი მოჰამედ აბუ სალმია, რამდენიმე სხვა ექიმთან ერთად, დააკავეს“, – აცხადებს საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ხალიდ აბუ სამრა.
CNN-მა საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის მიმართა ისრაელის თავდაცვის ძალებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედ აბუ სალმია დააკავეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლონასთან ერთად ევაკუაციისას.
ისრაელის ძალები ამტკიცებდნენ, რომ ღაზის უდიდესი ჰოსპიტალი „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრად გამოიყენებოდა.
ისრაელის ძალებმა განაცხადეს, რომ ალ-შიფას ქვეშ “ჰამასს” ჰქონდა გვირაბები. ისრაელის ჯარისკაცებმა ადგილზე ჟურნალისტებიც შეიყვანეს, გვირაბის ბოლოს იყო საცხოვრებელი ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და ლითონის საწოლი. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ამას “ჰამასი” მძევლებისთვის იყენებდა.
“შიფას ჰოსპიტალი არის ყველაზე დიდი საავადმყოფო ღაზაში და ასევე არის ჰამასის უდიდესი ტერორისტული დაწესებულება”, – თქვა ისრაელის არმიის მთავარმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ.
მისივე თქმით, “ჰამასის” მეთაურები ამ შენობიდან უშვებდნენ რაკეტებს. ისრაელმა გაავრცელა იარაღის კადრები, რომელიც, მათი თქმით, კლინიკაში იპოვეს, მათ შორის ავტომატი, ყუმბარა, დრონი.
ამასთან, ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა ინდონეზიური ჰოსპიტლის თანამშრომლებს უბრძანეს, საავადმყოფოს ტერიტორია ოთხ საათში დატოვონ.
როგორც მედია წერს, საავადმყოფოს მახლობლად დაბომბვა გრძელდება. ინდონეზიურ საავადმყოფოში 200-მდე პაციენტია დარჩენილი. გუშინ საავადმყოფოდან 450 პაციენტი გაიყვანეს