ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს

თავდაცვის ძალებმა, უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა „ჰამასის“ ოთხი მძევლის გადასარჩენად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„ნოა, ალმოგ, ანდრეი და შლომი – გვიხარია, რომ სახლში ხართ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ისრაელის უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული ოთხი მძევლის გადასარჩენად და სახლში, ისრაელში მათ დასაბრუნებლად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს. ჩვენ ბრძოლას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ 120 მძევალი სახლში არ დაბრუნდება“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 4 მძევლის, ნოა არგამანის, ალმოგ მეირ იანის, ანდრეი კოზლოვისა და შლომი ზივის, ცოცხლად გადარჩენა ღაზის სექტორის ცენტრში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად მოხერხდა.
წინასწარი სამედიცინო შეფასებით, გადარჩენილი მძევლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი შემდგომი გამოკვლევებისთვის თელ-ჰაშომერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰამასმა“ 250 პირი მძევლად აიყვანა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქაალქეებიც იყვნენ. მათი ნაწილი ეტაპობრივად გაათავისუფლეს, ნაწილი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება, მათ შორის არიან დაღუპულებიც.