მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელმა ღაზა სრულად მოაქცია ალყაში-ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ქალაქი ღაზა სრულად მოაქციეს ალყაში – თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ამიერიდან იქნება ორი ზოლი, “სამხრეთი და ჩრდილოეთი ღაზა”. მან ამას ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომში “მნიშვნელოვანი ეტაპი” უწოდა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, როდესაც ჯარები ალყაში აქცევდნენ ქალაქს.

საერთაშორისო მედიები იუწყებიან, რომ სამხედროების ქალაქში შესვლა შემდეგი 48 საათის განმავლობაში იგეგმება. ისრაელი კი მოქალაქეებს ღაზის სამხრეთით ევაკუაციისკენ კვლავ მოუწოდებს.

გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით ევაკუაცია 4 საათით დაუშვეს. მათი ცნობით, მაგისტრალზე გზა უსაფრთხო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იყო.
ჰაგარიმ ასევე თქვა, რომ მისი ქვეყნის ჯარები “ჰამასის” სამიზნეებს უტევდნენ როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა გვირაბების ქსელში.

მანამდე ისრაელის თვითმფრინავებმა კიდევ ერთხელ ჩაყარეს ბროშურები ღაზის სექტორის, რომლებიც მოუწოდებს მოსახლეობას, გადავიდნენ სამხრეთით, 4-საათიანი “ფანჯრის” დროს.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ცალმხრივი დერეფანი გაგრძელდება ჩრდილოეთით მცხოვრებთათვის ღაზის სამხრეთ ნაწილში გასაქცევად.

ისრაელმა ევაკუაციის მსგავსი გეგმა დააანონსა შაბათსაც, თუმცა მათი თქმით, ჰამასის შეიარაღებული პირები ტერიტორიაზე ისრაელის ჯარებს თავს დაესხნენ და ევაკუაციას ხელი შეუშალოს. თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ტერორისტებს მშვიდობიანი მოქალაქეების “ფარად” გამოყენება სურთ. აშშ-ის მონაცემებით, ღაზის ჩრდილოეთით 400 000-მდე ადამიანი კვლავ რჩება.

“ჰამასის” მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელთან ომის შედეგად პალესტინელთა მსხვერპლის რიცხვმა გადააჭარბა 10 000-ს ადამიანს – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზაში „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ისრაელის ძალების მხრიდან დარტყმების შედეგად ასობით სამიზნე განადგურდა, მათ შორის „ჰამასის“ სამხედრო კომპლექსი.

ამასთან, მედია იუწყება, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების სიზუსტე ეჭვქვეშ დააყენა.
6 ნოემბერს გავრცელებული ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს სიმძიმეს ბრძოლისა, რომელიც სწრაფად გადაიქცა ყველაზე სისხლიან ომად ისრაელის 75 წლის წინ დაარსების შემდეგ.

ომმა იფეთქა 7 ოქტომბერს, როცა “ჰამასის” ექსტრემისტებმა ღაზიდან ისრაელზე მიიტანეს შეტევა, დახოცეს 1400-ზე მეტი ადამიანი და მძევლად აიყვანეს 240-მდე პირი. ისრაელმა ამას უპასუხა ძლიერი საჰაერო იერიშებით, და შემდეგ სახმელეთო შეჭრით.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ღაზაში მოკლულია 10 022 ადამიანი. სამინისტრო არ აკონკრეტებს მსხვერპლთაგან რამდენია სამოქალაქო პირი და რამდენი მებრძოლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button