მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გასცა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დღეს, 9 ოქტომბერს, გამოაცხადა, რომ გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. როგორც გალანტმა თქვა, „ებრძვიან ბარბაროსებს“, ამიტომ პასუხიც „შესაბამისი იქნება“. ისრაელი აკონტროლებს ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეს და სანაპიროს და ისრაელის სასაზღვრო პუნქტების მხრიდან საქონლის შეტანას. მეორე მხრიდან ღაზის სექტორი, სადაც 2 მილიონ 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, ეგვიპტეს ესაზღვრება. გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 123 ათასზე მეტმა ადამიანმა.

ამ დროისთვის, ისრაელის არმიამ ღაზის ბარიერის გასწვრივ ყველა ებრაულ დასახლებაზე აღადგინა კონტროლი, თუმცა გარკვეულ ადგილებზე შეტაკებები გრძელდება. არმია ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც დაჯგუფება ჰამასის სრულ განადგურებას გულისხმობს.

ისრაელის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის იერუსალიმსა და თელ-ავივში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. განგაშის სირენები მას შემდეგ ჩაირთო, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ, 2 ქალაქის – აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით 120 რაკეტა გაისროლა.

გასული 48 საათის განმავლობაში, არმიაში 300 ათასი რეზერვისტი გაიწვიეს, 100 ათას კაციანი შემადგენლობა კი უკვე იმყოფება ღაზის სექტორთან. იქვე მობილიზებულია ისრაელის მძიმე ტექნიკა.

“ისრაელის სახელმწიფო ახლა რეაგირებას ახდენს დანაშაულებრივ და სასტიკ თავდასხმაზე. ტერორისტების შეჭრა კერძო სახლებში და ქალებისა და ბავშვების წაყვანა არის ტერორიზმი. ჩვენ ვახორციელებთ შეტევას და ვაყენებთ ზიანს მხოლოდ მათ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ფასი იქნება ძვირი. ვიცი, ბევრი შეკითხვა და სასოწარკვეთილება არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარება. ახლა ომის დროა და არა ოპერაციის. ჩვენ გავიმარჯვებთ და მივაღწევთ საჭირო მიზნებს”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. ისრაელის საზოგადოებრივი ორგანიზაცია ZAKA, რომლის მოხალისე მაშველები ხელისუფლებას ეხმარებიან, იუწყება, რომ სულ მცირე 250 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს ისრაელის ტერიტორიაზე, ღაზის სექტორის მახლობლად, სადაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის მომენტში, მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა.

პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია – 2 271.

2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.

ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

შეგახსენებთ 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ხმელეთიდან შეიჭრა ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ისრაელის არმია საავიაციო და საარტილერიო შეტევას განაგრძობს ღაზის სექტორზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button