მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელმა „ჰამასს“ ორი თვით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა

ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შესთავაზა საბრძოლო მოქმედებების ორი თვით შეწყვეტა და სანაცვლოდ ყველა მძევლის გათავისუფლება. ამის შესახებ ამერიკული ინტერნეტგამოცემა Axios-ი წერს ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წერს, შესაბამისი შეთავაზება კატარს ეგვიპტის შუამავლობით გადასცეს.
ისრაელელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ისრაელის ომის კაბინეტმა მძევლების შეთანხმების ახალი პარამეტრები 10 დღის წინ დაამტკიცა, რომელიც ჰამასის მიერ დაწუნებული წინა წინადადებებისგან განსხვავდება. მათივე თქმით, ისინი ჰამასისგან პასუხს ელიან, მაგრამ აღნიშნეს, რომ ფრთხილად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
ისრაელის წინადადება ითვალისწინებს ყველა ცოცხლად დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და დაღუპული ტყვეების ცხედრების გადაცემას.

როგორც ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ ქალები, 60 წელს გადაცილებული მამაკაცები და ის მძევლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ შეთავაზების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა უნდა დატოვონ ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტები, რაც პალესტინელებს მისცემს საშუალებას, დაბრუნდნენ ქალაქ ღაზაში და ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში.

ამასთან ერთად, როგორც გამოცემა წერს, ისრაელი და „ჰამასი“ უნდა შეთანხმდნენ, თუ რამდენი მსჯავრდებული პალესტინელი დატოვებს ციხეებს ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა ეს შეთავაზება აჩვენებს, რომ ისრაელი არ არის მზად, ციხეში მყოფი ყველა პალესტინელის გათავისუფლებისთვის, რომელთა რიცხვი 6 000-სს შეადგენს.

„აქსიოსის“ ცნობით, ისრაელელი ოფიციალური პირები ფრთხილი ოპტიმიზმით ელოდებიან „ჰამასის“ პასუხს და უახლოეს დღეებში პროგრესის მიღწევის იმედი აქვთ.

ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 240 ადამიანიდან ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, რჩება 132. მათგან 25 დაღუპულად ითვლება.

ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება უარყო. წინადადება ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებასა და მძევლების ცხედრების დაბრუნებას გულისხმობს. ინფორმაციას უცხოური მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის თანახმად, “ჰამასის” ლიდერებმა ღაზას დატოვებაზეც უარი თქვეს. ისინი მოითხოვენ, რომ ისრაელმა სრულად გაიყვანოს ტერიტორიიდან ჯარები და პალესტინელებს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება მისცეს.

ოფიციალური პირი ამბობს, რომ ეგვიპტე და კატარი, რომლებიც ისრაელსა და “ჰამასს” შორის წარსულში შეთანხმებებს შუამავლობდნენ, ახლა მრავალპუნქტიანი წინადადების “ხარვეზებს” ამუშავებენ. წინადადება მოიცავდა ომის დასრულებას, მძევლების გათავისუფლებას და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას.
ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა ამ რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და გაიტაცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 25 000-ზე მეტი ადამიანი.
2023 წლის ნოემბერში მიღწეული ერთკვირიანი ზავისას გათავისუფლდა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი. სანაცვლოდ ისრაელის საპატიმროებიდან გაათავისუფლეს 240-მდე პალესტინელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button