ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. პალესტინის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ისრაელის თავდასხმებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის ჯარები ქალაქში ეტაპობრივად წინ მიიწევენ და „ჰამასის“ გამაგრებებს იკავებენ.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაჯგუფების გვირაბი ააფეთქეს.
გარდა ამისა თუ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი არ შეჩერდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, – ამის შესახებ გაერო-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.
„დაახლოებით 8,500 ბავშვია დაღუპული. დაშავებულთა და გადარჩენილთათვის სახლებისა და სკოლების თითქმის ორი მესამედი დაზიანებულია ან დანგრეულია. თავდასხმებისგან, დაავადებებისგან, შიმშილისგან კიდევ უფრო მეტი დაიღუპება, თუ ჩვენ ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად არ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ღაზაში დაღუპული 10 ადამიანიდან 4 ბავშვია.
BBC-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზას სექტორში სულ მცირე 21 500 ადამიანი დაიღუპა, რაც სექტორის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.