მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ენგურის გადალახვა? – წერილი ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონიდან

წერილი რადიო თბილისს ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან მოსწერეს, სადაც გალში მცხოვრები ქართველების უმძიმესი ყოფაა აღწერილი.

წერილის ავტორი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც პატარა ქალიშვილი ჰყავს, საქართველოს ხელისუფლებისგან 5 დღიანი კარანტინის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვს.

რადიო თბილისი წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“მე გწერთ ოკუპირებულ აფხაზეთიდან. ყველა აქ მცხოვრები ქართველის სახით მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას !უკვე წელიწადზე მეტია რაც საზღვარი ჩაკეტილია და ნუ თუ არ გებრალებათ თქვენი მოქალაქეები? იცით რამდენი რამ გვჭირდება მაგრამ არ გაგვაჩნია?

თქვენ იცით რას ნიშნავს 3თვის ჩვილი ბავშვით ენგურის საზღვრის გადალახვა? მე ვიცი რა შეგრძნებაა,იმიტომ რომ მე სწორად ჩემი პატარა ანგელოზით ხელში გადავლახე ეს საშინელი გზა,რადგან ბავშვს სჭირდებოდა სწორი დიაგნოზი. მე ჩემი დარჩენილი წლების ნახევარი იმ მდინარეს გავაყოლე …

ეხლა კი მინდა გითხრათ, რომ ამ შემზარავმა ამბავმა, რომელიც მოხდა 07.04.2021 გული გაუცრემლიანა მთელ ერს და თქვენ არ თვლით ოდნავ მაინც თავს დამნაშავედ საქართველოს მთავრობა?

იცით თუ არა რატომ რისკავს ათეულობით ადამიანი ეგრედწოდებული დაბალი ზონით საზღვრის გადალახვას?-შვილები მშივრები ჰყავთ, საჭმლის ფული არ გააჩნია უმეტეს ნაწილს.

იმ 4 ადამიანიდან ვინც ემსხვერპლა ტრაგედიას ერთ-ერთ მათგანს,კონკრეტულად კი ცატავა თამუნას შეეძლო ცენტრალური გზით გადასვლა, მაგრამ ბავშვებს ვერ ტოვებდა 5 დღით, რადგან უფროსი შვილი ავადმყოფი ჰყავს, მაგრამ სამუდამოდ მოუწია შვილების ობლად დატოვება.სწორად უფროსი შვილის მედიკამენტებზე გადადიოდა.ალბათ იკითხავთ და იქ არ იშოვნიდაო მედიკამენტებსო, პასუხს მე გაგცემთ, იშოვნიდა მაგრამ არ გააჩნდა მაგის ფული, ზუგდიდში კი დევნილების შემწეობის ბარათს ჰქონდა ვადა გასული და მაგის გაცვლას აპირებდა და შემწეობის დარიცხული ფულის განაღდებას.

ასევე ცოლ-ქმარიც აპირებდნენ ბარათების შეცვლას რადგან შვილიშვილი შეეძინათ და უნდოდათ ბავშვის თვის ახალშობილის ნივთების და სარწევი საწოლის ყიდვა! მაგრამ ვერ შეძლეს… და ობლად დარჩნენ მათი არასრულწლოვანი შვილები

და თქვენ საქართველოს მთავრობა, რა პასუხს გასცემთ ამ გულ ამოგლეჯილ ოჯახებს?თუ აფხაზეთი საქართველოა, რატომ დაუწესეთ აქ მცხოვრებ ხალხს კარანტინი 5 დღიანი და რატომ არ დაუწესეთ უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს? თან აფხაზეთში ყველაზე ნაკლები კოვიდ ინფიცირებული ხალხის რიცხვი იყო!

ჩვენ ყველა, ქართველები ვითხოვთ კარანტინის მოხსნას და მიმოსვლის აღდგენას…და კიდევ..იცით რას ნიშნავს საფლავიც რო გენატრება მშობლის? მე მამაჩემის საფლავი მენატრება, რომელიც წელიწადნახევარია არ მაქვს ნანახი.😢იმ ობოლ ბავშვებს ალბად დაუწესებთ ერთჯერად დახმარებებს..

ფუ სირცხვილი და საერთოდ ყველა აქ ჩარჩენილ ქართველს უკანასკნელ დონემდე გვიჭირს ლუკმა პურის შოვნა…მიიღეთ ზომები და აღადგინეთ მიმოსვლა!!!

თუ იცით ქართველობა რას ნიშნავს და თუ აფხაზეთი საქართველოა მაშინ მოხსენით კარანტინი!”,- წერს რადიო თბილისს 24 წლის რადმილა ჭანტურია.

შეგახსენებთ, 7 აპრილს მდინარე ენგურში 4 ქართველი დაიღუპა. ისინი ე.წ. ფონით ცდილობდნენ საზღვრის გადალახვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button