“იუნესკოს სიაში შეტანილი თირის მონასტრის კედლები გადალესეს”

თირის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში ფრესკების ნაწილი გადალესეს, – იუწყება ინტერნეტგამოცემა Sputnik.

“XIII საუკუნის ძეგლზე დაწყებული სარემონტო სამუშაოების შესახებ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ეპარქიაში არაფერი იცოდნენ. ამჟამად, სამუშაოები უკვე შეჩერებულია, მაგრამ ადგილობრივი სპეციალისტების თქმით, მშენებლებმა ძეგლს ზიანი უკვე მიაყენეს” – წერს გამოცემა.

თირის მონასტერი ცხინვალიდან 4-5 კილომეტრის მოშორებით, თამარაშენის ზევით, სოფელ მონასტერთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მონასტერში შემონახულია მეთხუთმეტე საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. კედლებზე ისევ ჩანს ქართული წარწერები. მონასტერი დაზიანებულია, ამიტომ დე ფაქტო რესპუბლიკის მშენებლობის სამინისტრომ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თუმცა იქ სპეციალისტები არ მიუწვევია.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებთან დე ფაქტო ხელისუფლება ქართველ სპეციალისტებს არ უშვებს და ამ ძეგლებს სამხრეთ ოსეთის საკუთრებად აცხადებს.

ვახუშტის მიხედვით „თამარაშენს ზეით ერთვის თირის მონასტრის ხევი. ამის დასავლეთით არს, მთაში, თირის მონასტერი, უგუმბათო, არამედ ფრიად კეთილშენი, კეთილს ადგილს. ზის წინამძღვარი“.

ისტორიული სახელწოდება „თირი“, როგორც ჩანს, მომდინარეობს ამ ადგილებში არსებული ქარაფების ძველი სახელწოდებიდან – თირის კლდე იგივე ქვიშაქვის კლდეა. სულხან-საბას განმარტებით – „თირი არს კლდე ლბილი და ადვილ სათლელი“.

ძეგლი თარიღდება XIII საუკუნის დასასრულით.სამხრეთ მინაშენის დასავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა: „ქ.მოლარეთ უხუცესისა ხელას ერთგ(ულსა), მახატლიშვილსა, ბევროზს სეუნდოს ღმერთმან“.

ჩრდილოთ მინაშენის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია მხედრული წარწერა: „შეწევნითა ღვთისათა მეოხებითა თავდების ღვთისმშობლისათა, ჩვენ თაქთაქიძემ, მროველ ეპისკოპოზმან ფილიპემ, არდაშელმა, ჩვენ ელიზბარ, აღვაშენეთ საყდარი ესე წმიდისა ნიკოლოზისა. სულისა ჩვენისა სახსრად. ოდეს ბედნიერის ხელმწიფისგან ჩვენს ნათევსავთა სასაფლაოდ, სამკვდროდ, სამამულოდ მოსცემოდა ესე მონასტერი, მამა-პაპანი მარხეულ იყვნეს, მათი მოშლა აღარ იქმნებოდეს, საყდარი აღვაშენეთ, სასაფლაოს შეუმატეთ, ქრონიკონს ტო“.
სამონასტრო კომპლექსი საკმაოდ მაღალი ქედის თავში მის სამხრეთ კალთაზე ბუნებრივად შექმნილ ტერასაზეა განთავსებული. კომპლექსში გაერთიანებულია სხვადასხვა დროის საკულტო და საცხოვრებელ-სამეურნეო ხასიათის რამდენიმე ნაგებობა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”12433″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1436472687491″]

მსგავსი პოსტები

Back to top button